მონტესკიე

მონტესკიე

მონტესკიე (Montesquieu) შარლ ლუი დე სეკონდა, ბარონი დე ლა ბრედი და დე მ. (18. I. 1689, ლა ბრედი, ბორდოს მახლობლად, – 10. II. 1755, პარიზი), ფრანგი განმანათლებელი, მწერალი, ფილოსოფოსი, სამართალმცოდნე. ფრანგ. ლიტ-რის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ფრანგ. პროზის შედევრით, ეპისტოლური რომანით – „სპარსული წერილები“ (1721), რ-მაც სათავე დაუდო ფილოს. რომანის ჟანრს. ეს არის საფრ. აბსოლ. წყობილების წინააღმდეგ მიმართული მწვავე სატირა, თუმცა მოქმედება აღმოსავლეთშია გადატანილი და მთავარ გმირებად სპარსელები არიან გამოყვანილი. ნაწარმოებში მრავალი ცნობაა საქართვ. მხარეების შესახებ, მოხსენიებულია თბილისი, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი. როგორც ჩანს, მ. კარგად იცნობდა იმდროინდელ მოგზაურთა (ფ. ბერნიე, ჟ. ტავერნიე, ჟ. შარდენი) ჩანაწერებს; ასახულია იმ დროის საქართვ. მძიმე პოლიტ. ვითარება, თავდასხმებისა და შიდა ბრძოლების შედეგად გაჩანაგებული მოსახლეობის მდგომარეობა.

საქართველოში -ს ნაშრომებს უკვე XVIII ს-ში იცნობდნენ, კითხულობდნენ და თარგმნიდნენ მის ნაწარმოებებს; გატაცებული იყვნენ მისი განმანათლებლური და ჰუმანისტური შეხედულებებით. დავით ბატონიშვილმა ქართულად თარგმნა -ს „კანონთა არსი“ („გულისხმისმყოფელი რჯულისა“); ა. ამილახვარს ტრაქტატში „ბრძენი აღმოსავლეთისა“ გამოყენებული აქვს მ-ს თხზულებები, კერძოდ, „სპარსული წერილები“. ნ. ნიკოლაძის მხატვრული ნარკვევი „სპარსული წერილები“ (1873) მ-ს თხზულებების ნიჭიერი და ორიგინალური მიბაძვაა. მ-ს თარგმნიან დღესაც: მ. ჭილაშვილმა 2015 თარგმნა ეს თხზულება.

ლიტ.: გომართელი ნ., ევროპული განმანათლებლური იდეების გავრცელება საქართველოში, თბ., 2020; ლაბუჩიძე დ., მონტესკიე, თბ., 2003; ნამორაძე ა., შარლ ლუი მონტესკიე, თბ., 1965; ფანჩულიძე დ., შარლ ლუი მონტესკიე, მის წგ.: ნარკვევები ფრანგული ლიტერატურის ისტორიიდან, თბ., 1974; ჯაფარიძე შ., შარლ ლუი მონტესკიე – ფრანგი განმანათლებელი და პოლიტიკური მოაზროვნე, თბ., 1995.

დ. ფანჩულიძე