მონოფიზიტობა (ლათ. Monos-ერთი და Physis ბუნება), საღვთისმეტყველო სწავლების ტრადიციული სახელწოდება, რ-იც IV–V სს-ში ბიზანტიაში, ქრისტოლოგიური დავის დროს წარმოიშვა და ქრისტეში ერთ – მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებს.
ქრისტეში ერთი ბუნების შესახებ სწავლების სათავეში აპოლინარიოს ლაოდიკიელი (გ. 390) დგას, რ-ის თანახმად მაცხოვარს გონიერი სული არ გააჩნდა (ე. ი. არ იყო სრულყოფილი ადამიანური ბუნების მქონე) და მას (გონიერ სულს) ღვთაებრივი ლოგოსი ცვლიდა. აპოლინარიოსის სწავლება 381 კონსტანტინოპოლის II მსოფლიო საეკლ. კრებამ დაგმო, მაგრამ შემდგომ მისი თხზულებები ძალზე ავტორიტეტული მართლმადიდებელი ეპისკოპოსების სახელით ვრცელდებოდა, მაგ., ფორმულას – „განკაცებული ღვთის სიტყვის ერთიანი ბუნება“ (μια φάσις του θεας Λόγος σεσαρχούμενες), რ-იც მ-ის სარწმუნოებრივ საფუძვლად იქცა, ემხრობოდა წმ. კირილე ალექსანდრიელი ნესტორიანობის წინააღმდეგ ბრძოლის დროს (ნესტორი ქრისტეს ორ პიროვნებად ყოფდა). კირილე აღიარებდა, რომ შეიძლებოდა საუბარი ქრისტეს ორი ბუნების შესახებ განკაცების შემდგომ. იგი გმობდა აპოლინარიოსის ნააზრევს და ქრისტეში სრულ ადამიანურ ბუნებას აღიარებდა. ანტიოქიის III მსოფლიო საეკლ. კრებამ (431) დაგმო ნესტორიანული მწვალებლობა და კირილე ალქსანდრიელის სწავლება მართმადიდებლურად გამოაცხადა. კირილეს არამკაფიო ტერმინოლოგია ქრისტოლოგიური სწავლების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. მაგ., კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტი ევტიქი ქრისტეს როგორც კაცს, ბუნებითად სხვა ადამიანთა თანასწორად არ მიიჩნევდა. 448 კონსტანტინოპოლის ადგილობრივმა კრებამ ევტიქი განკვეთა. ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსმა დიოსკორემ ევტიქის დაუჭირა მხარი და 449 ეფესოში გამართულ კრებაზე მისი რეაბილიტაცია მოახდინა, (შემდგომ ამ კრებას „ავაზაკთა კრება“ ეწოდა). IV მსოფლიო საეკლ. კრებამ (ქალკედონი, 451) ჩამოაყალიბა ქრისტოლოგიური დოგმატი, რ-ის მიხედვითაც იესო ქრისტე არის ორი ბუნების მქონე (სრული ღვთაებრივი და სრული კაცობრივი) ერთი ღვთაებრივი პიროვნება. მასში ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნება შეერთებულია „შეურევნელად“ უცვალებელად, განუყოფელად და განუყრელად. პირველი ორი ტერმინი მიმართულია მ-ის, ხოლო მეორე ორი ნესტორიანელობის წინააღმდეგ, მაგრამ კრების ამ განჩინებას ბევრი არ დაეთანხმა. მათი აზრით, ქრისტეში ორი ბუნების აღიარება მასში ორი პიროვნების აღიარებას ნიშნავდა, ეს კი ნესტორიანული ერესი იყო. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მართალია ქრისტე ორი ბუნებიდან იშვა, მაგრამ განკაცების შემდეგ იგი ერთი ბუნების მქონეა. ქალკედონის კრების შემდგომ ასწლეულში მ. ფართოდ გავრცელდა და გაძლიერდა, ამასთანავე ის მრავალ (20-მდე) მიმდინარეობად დაიყო. ყველაზე გავლენიანი მონოფიზიტი ღვთისმეტყველი სევერუს ანტიოქიელი იყო (გ. 538). მისი შედარებით ზომიერი სწავლება უარყოფდა ქრისტეში ღვთაებრივ და კაცობრივ ბუნებათა შერწყმას (ისევე როგორც ქალკედონის კრება), აღიარებდა მაცხოვარს, როგორც თანაარსს მამისა (ღვთაებრიობით) და თანაარსს ადამიანობისა (კაცობრიობით), მაგრამ იმავდროულად აიგივებდა „ჰიპოსტასის“, „პიროვნების“, „ბუნების“ ცნებებს და ამიტომ თვლიდა, რომ ქრისტეს ერთიანი რთული ბუნება ჰქონდა. რადიკალური მ-ის წარმომადგენელი იულიანე ჰალიკარნასელი ამტკიცებდა, რომ ქრისტეს სხეული განკაცებიდანვე უხრწნელია, რადგან მის ღვთაებრივ ბუნებასთან ხრწნადობა შეუთავსებელია. იულიანეს სწავლებამ ყველაზე დიდი გავრცელება ალექსანდრიაში პოვა. 482 იმპერატორმა ზენონმა გამოსცა „ჰენოტიკონი“, რ-ის მიზანიც დიოფიზიტებისა (ქალკედონის კრების მომხრეთა) და მონოფიზიტების (არაქალკედონელები) შერიგება იყო, თუმცა მისმა მოსაზრებამ ვერ დააკმაყოფილა ორივე მხარის წარმომადგენლები. იმპ. იუსტინინე I-ის დროს, კონსტანტინოპოლის V მსოფლიო საეკლ. კრების (553) შემდეგ, ბიზანტიაში მართლმადიდებელმა (დიოფიზიტურმა) ქრისტიანობამ საბოლოოდ გაიმარჯვა, თუმცა იმპერიის განაპირა მხარეებში მაშინვე დაიწყო გამიჯვნა „ბერძნული“ სარწმუნოებისგან და ასე ჩამოყალიბდა ნაციონალური მონოფიზიტური ეკლესიები: კოპტური (ეგვიპტე), იაკობიტური (სირია), სომხური. დღეისათვის, გარდა აღნიშნულისა, არსებობს ეთიოპიის, ერითრეის, ინდოეთში მალანკარიის სირიული ეკლესიები.
საქართველოში მ-ის ისტორიის შესასწავლად საკმარისი ცნობები არ მოგვეპოვება. ქართ. ისტორიოგრაფიაში გავრცელებული იყო შეხედულება, რომ 506 დვინის საეკლესიო კრებიდან (იხ. საეკლესიო განხეთქილება კავკასიაში) VII ს. დამდეგამდე ქართ. ეკლესია სომხურთან და ალბანურთან ერთად მონოფიზიტური იყო. დღეისათვის მიჩნეულია, რომ ქართ. ეკლესიას მ. თავის ოფიციალურ რელიგიად არასოდეს უცვნია, თუმცა VI ს-ში იგი შემრიგებლურ პოზიციაზე იდგა და თავის სამწყსოში მონოფიზიტი ეპისკოპოსებიც ჰყავდა და მრევლიც (იხ. ეპისტოლეთა წიგნი). დღეს საქართველოში მონოფიზიტური ქრისტიანობის მიმდევარია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უმრავლესობა, რ-ებიც სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრევლს წარმოადგენს.
ლიტ.: ბოლოტოვი ვ., ეკლესიის ისტორია მსოფლიო კრებების პერიოდში, თბ., 2009; მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, თბ., 2022; Брилантов А., Происхождение монофизитсва, СПб., 1906; Православная знциклопедия, 2002, т. 46.
ზ. ეკალაძე