მონოთელიტობა

მონოთელიტობა (ლათ. monos-ერთი და thelema – ნებისყოფა, ნებელობა), მონენერგეიზმი, VII ს-ში აღმოსავლეთის ქრისტიანულ ეკლესიაში გაბატონებული მოძღვრება. მ-ის მიხედვით, ქრისტეში 2 ბუნებაა მოცემული, ამიტომ მისი ნება და ქმედება ერთია – ღმერთკაცური. ამ დოგმატური ფორმულის მიზანი იყო დიოფიზიტებისა და მონოფიზიტების გაერთიანება, რ-იც ითვალისწინებდა ორივე მიმდინარეობის მხრიდან გარკვეულ დათმობას და ბიზანტ. იმპერიისათვის აღმ-ის მონოფიზიტური პროვინციების შემომტკიცებას. მონოთელიტური დოგმატი ჩამოყალიბდა VII ს. 20-იანი წლების კავკასიაში ჰერაკლე კეისრის, სერგი კონსტანტინოპოლელისა და კიროს ფასისელის თათბირისა და მიმოწერის შედეგად, ხოლო 633 გამოაქვეყნა კიროს ფასისელმა. მონოფიზიტებმა მონოთელიტური უნია თავის გამარჯვებად მიიჩნიეს, ხოლო ქალკედონელები მას სოფრონ პალესტინელის მეთაურობით წინ აღუდგნენ. ბიზანტ. სამეფო კარმა და ეკლესიამ უკან დაიხია. 638 გამოქვეყნდა „სარწმუნოების გარდამოცემა“, რითაც აიკრძალა კამათი ქრისტეს „ქმედებათა“ შესახებ, ხოლო ძალაში დარჩა დოგმატი ქრისტეს „ერთი ნების“ შესახებ. სავარაუდოა, რომ VII ს-ში კავკასიაში ეკლესიების ოფიც. მრწამსი მონოთელიტური იყო. 680–681 წლებში VI მსოფლიო საეკლ. კრებამ მ. მწვალებლობად გამოაცხადა, დაწყევლა და ყველა მონოთელიტური თხზულება დაწვა. ამჟამად მონოთელიტთა ნაშთად მიიჩნევენ მარონიტებს, რ-ებმაც XIII ს-ში რომის ეკლესიასთან შეკრეს კავშირი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძველ რიტუალებს და იერარქიას ინარჩუნებენ. მათი პატრიარქი ატარებს ანტიოქიელის ნომინალურ ტიტულს. ცენტრი ლიბანშია, საღვთისმეტყველო ენა კი – სირიულ-არაბული. ქართ. ენაზე ჩვენამდე მოაღწია რამდენიმე ანტიმონოთელიტურმა თხზულებამ.

წყარო: ეპისტოლეთა წიგნი. სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, კომენტა-რითა და გამოკვლევით გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 1968.

ზ. ალექსიძე