მონოთეიზმი

მონოთეიზმი (ბერძნ. μόνος – ერთი და Θεός – ღმერთი), თეოლოგიური და ფილოსოფიური ტერმინი, რომელიც ერთი ღმერთის აღიარების, მისადმი რწმენისა და თაყვანისცემის აღმნიშვნელია. მ. უპირისპირდება როგორც პოლითეიზმს (მრავალღმერთიანობა), ისე ჰენოთეიზმს (ერთი უზენაესი ღმერთის აღიარება, რ-საც უფრო დაბლა მდგომი „ღმერთები“ ექვემდებარებიან). ტერმინი „მონოთეიზმი“ შემოიღო კემბრიჯელმა პლატონიკოსმა ჰ. მორმა (1614–87). 

მ. არაერთგვაროვანია. მას განსხვავებული თეოლ.-ფილოს. ვარიანტები გააჩნია: თეიზმი, პანთეიზმი, პანენთეიზმი და დეიზმი. თეიზმის მიხედვით ღმერთი არის სამყაროს შემომქმედი და ყოველი სიკეთის წყარო, ყოველივეს განმგებელი და მსაჯული; თეისტურია სამივე აბრაამისტული რელიგია: იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. თეიზმისაგან განსხვავებით, პანთეიზმი ღმერთისა და ბუნების ერთიანობას, იგივეობრიობას აღიარებს. შუა საუკუნეებში პანთეისტური იყო ისლამის წიაღში აღმოცენებული სუფიზმი.

პანენთეიზმის (ტერმინი 1828 შემოიღო კ. კრაუზემ) მიხედვით, სამყარო ღმერთში მყოფობს, თუმცა მისი იდენტური არ არის. დეიზმი აღიარებს ერთ უპიროვნო პირველმიზეზს, მსოფლიო გონებას, რ-იც ქმნის სამყაროს, მაგრამ შემდგომ მის ცხოვრებაში აღარ მონაწილეობს. მისი შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ გონებით და არა გამოცხადებით, იგი სრულად ტრანსცენდენტურია სამყაროს მიმართ. 

როგორც რელიგიური შეხედულებების ფორმა, მ. ინკლუზიურ და ექსკლუზიურ ტიპებად იყოფა. პირველი ამტკიცებს, რომ სხვა რელიგიების მიერ აღიარებული ღმერთები სინამდვილეში ერთი ღმერთია სხვადასხვა სახელით, მეორის თანახმად კი ეს ღმერთები ან დაცემული ანგელოზები (დემონები) არიან, ან ოდესღაც გაღმერთებული ადამიანები (გმირები, მმართველები, მკურნალნი, ნათელმხილველნი და სხვ.), ან სულაც ადამიანური ფანტაზიის ნაყოფი.

ქრისტიანობა მიიჩნევს, რომ მ. კაცობრიობის თავდაპირველი რელიგიაა. ბიბლიური თხრობის მიხედვით ერთი ღმერთის შესახებ პირველ წინაპართა სამოთხისეული ცოდნა უშუალოდ გადაეცემოდა მათ შთამომავლობას, მაგრამ კაცთა შორის გავრცელებულმა ცოდვამ დაბინდა ადამიანთა გონება, ნება და გრძნობა, რის გამოც მათ დაკარგეს ჭეშმარიტი ღვთის შემეცნების უნარი, რამაც მრავალღმერთიანობის წარმოშობა განაპირობა. წმ. პავლე მოციქული წერს: „რომელთაც ღვთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებებს, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე“.

ქრისტ. ტრადიციის მიხედვით, მ. ორ ძირითად კონტექსტში განიხილებოდა. მათგან ერთი არის ღმერთის აღიარება და მასთან დაკავშირებული ტრიადოლოგია. ადრექრისტ. ხანის აპოლოგეტები წარმართებთან და წარმართული გავლენის ქვეშ მყოფ ქრისტიანებთან (გნოსტიკოსები, მანიქეველები) პოლემიკისას მ-ის დასაცავად ხშირად მიმართავდნენ არგუმენტებს, რ-ებიც ფორმალური ლოგიკის კანონებს ემყარებოდა და ანტ. ფილოსოფოსების იმ თხზულებებიდან იყო ნასესხები, რ-ებშიც მოცემული იყო მ-ის რელიგიურ-ფილოს. კონცეპტი. ეს პროცესი შემდგომ წმ. მამათა ღვთისმეტყველებაში გაგრძელდა და საბოლოოდ წმ. იოანე დამასკელის კლასიკურ ნაშრომში – „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“ – დასრულდა (VIII ს.). მეორე მხრივ, ქრისტ. -ის თავისებურებაა ერთი ღმერთის აღიარებასთან ერთად მისი სამპიროვნულობის აღიარებაც, ანუ ქრისტ. ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება – მამა, ძე და სულიწმინდა, ე. ი. ღმერთი ერთია არსით (ბუნებით) და ამასთან ერთად სამპიროვანია – სამი ჰიპოსტასის ერთობაა. ერთარსება და სამპიროვანი ღმერთის აღიარება ადამიანის გონებას აპორიად წარმოუდგება და მისი აღქმა, გააზრება და რწმენა მხოლოდ ღრმა სულიერი ცხოვრებით მიიღწევა, რ-ის დროსაც ერთება არ უპირისპირდება სამებას. ტრიალოგიური დოგმატის არასულიერი, მხოლოდ ლოგიკის კანონებით ახსნის გამო წარმოიშვა ერეტიკული სწავლებები, რ-ებიც ამ დოგმატში -ის დამახინჯებას და მრავალღმერთიანობის, კერძოდ, ტრითეიზმის ნიშნებს ხედავდნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო მონარქიანელობა, რ-იც იესო ქრისტეს ღვთაებრიობის უარყოფასთან ერთად მისი ღმერთთან მიმართების ორ ვარიანტს განიხილავდა: 1. ქრისტე არ არის ღმერთი თავისი არსით, იგი მხოლოდ ღვთის ძლიერებით აღვსილი ადამიანია; 2. თავად ღმერთი ერთია, მაგრამ სხვადახვა დროს სხვადასხვა სახელით ეცხადება კაცობრიობას – ხან როგორც მამა, ხან როგორ ძე და ხან როგორც სულიწმინდა. პირველ ერეტიკულ სწავლებას დინამიზმი ეწოდება, მეორეს – მოდალიზმი.

ტრიადოლოგიური დოგმატი ყველაზე სრულყოფილად ჩამოაყალიბეს კაბადოკიელმა მამებმა – წმ. ბასილი დიდმა, წმ. გრიგოლ ნაზიანზელმა (ღვთისმეტყველი) და წმ. გრიგოლ ნოსელმა, რ-თა ძალისხმევით IV ს. ბოლოს დადგინდა ეკლესიის მიერ საყოველთაოდ აღიარებული ტრიადოლოგიური ტერმინოლოგია, რ-ითაც გადმოიცემა ქრისტ. მოძღვრება ღმერთზე და რ-იც -სა და სამების დოგმატს შორის თითქოსდა ხსნის და აქარწყლებს არსებულ წინააღმდეგობას.

ქართ. წარმართული რელიგიური რწმენა-წარმოდგენებისათვის, ცხადია, -ის იდეა უცხო იყო, თუმცა მათში სხვადასხვა სახით საკმაოდ მკვეთრად იყო გამოხატული ჰენოთეიზმი – ერთი უზენაესი ღმერთის აღიარებით, კერძოდ, ამგვარ უპირატეს ღვთაებებად შეიძლება მივიჩნიოთ მორიგე ღმერთი, მთვარის კულტი და არმაზი.

ლიტ.: რელიგიები საქართველოში, თბ., 2008; Зеньковский В. В., Основы христианской философии., М., 2010; Осипов А. И., Основное богословие, М., 1994; Православная энциклопедия, 2002 т, 46; Ström A. V., Smith W. H., Schwöbel Ch., Monotheismus//TRE 1994. Bd.23.

ზ. ეკალაძე