მონიზმი

მონიზმი (ლათ. monos), ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც ერთ საწყისისეულ სუბსტანციას აღიარებს. ტერმინი სათავეს იღებს გერმ. განმანათლებლობის ფილოსოფიაში (ქ. ვოლფი; 1679–1754) და კარტეზიანული ფილოსოფიის საპირისპიროდ ერთი (და არა ორი) სუბსტანციის (საწყისის) არსებობას აღიარებს. აქედან გამომდინარე, მ. დუალიზმის საწინაღმდეგო მიმართულებად უნდა აღვიქვათ, რადგან კარტეზიანული დუალიზმი სამყაროს ორი საწყისის დაშვებას გულისხმობს. მ-ისა და დუალიზმის დაპირისპირების შესახებ მსჯელობისას ქ. ვოლფი განიხილავს ცნებათა ამ დაპირისპირებული წყვილის ადრეულ ვარიანტებს, რ-საც პ. ბოილთან (1647–1706) მივყავართ. პ. ბოილი ამ საკითხის შესახებ თეოლ. ჭრილში საუბრობს და ერთმანეთისგან განასხვავებს „უნიტარისტებსა“ და „დუალისტებს“. პირველი ტერმინის ნაცვლად თანდათან ჩნდება ტერმინი „მონიზმი“, რაც გერმ. ფილოს. ტერმინოლოგიის შექმნის სურვილითაც იყო განპირობებული. ქართ. ფილოსოფიაში მონისტური ტენდენციების ასახვის კარგი მაგალითია იოანე პეტრიწის უნიკალური ნაშრომი, რ-იც პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ ძველქართულ თარგმანსა და განმარტებას მოიცავს. მასში პროკლეს ფილოსოფიის ნაბიჯ-ნაბიჯ განმარტების კვალდაკვალ წარმოდგენილია სამყაროს მონისტური სურათი, რ-იც თავად პროკლეს ფილოსოფიას ეყრდნობა. სამყაროს თაურსაწყისი და საფუძველი არის ერთი ყოველგვარი არსისა და აზრის მთავარი პრინციპი და მასაზრდოებელი წყარო. ამ ხაზს აგრძელებს ანტონ I (ბაგრატიონი) ნაშრომში „სპეკალი“ (1752), რ-შიც მონისტურ კონცეფციებზე (მაგ., იოანე დამასკელის, იოანე პეტრიწის და სხვ.) დაყრდნობით წარმოდგენილია სამყაროს ქრისტ. ხედვა. ქართვ. მოაზროვნეებიდან მონისტური კონცეფციის შემდგომი ავტორები არიან: ი. ხელაშვილი, ს. დოდაშვილი, გ. ქიქოძე (იხ. გაბრიელი) და სხვ. ამავე კუთხით მნიშვნელოვანია XX ს. ქართ. ფილოს. ერთ-ერთი ფუძემდებლის, შ. ნუცუბიძის ნაშრომი „ხელოვნების თეორია. მონისტური ესთეტიკის საფუძვლები“ (1929). მის მიერ ჩამოყალიბებული მონისტური ესთეტიკის საფუძვლები წარმოადგენს ხელოვნების ზოგად თეორიას და მჭიდრო კავშირშია მისსავე ალეთეიოლოგიასთან. დასახელებული ნაშრომის წინასიტყვაობაში შ. ნუცუბიძე საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ ის მთლიანად ემყარება ალეთოლოგიური რეალიზმის ნიადაგზე მიღწეულ შედეგებს და წარმოადგენს ხელოვნების სისტემატურ თეორიას.

ლიტ.: ირემაძე თ., შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბ., 2019; მისივე, ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბ., 2020; მისივე, ფილოსოფიური ღვთისმეტყველება შუა საუკუნეების საქართველოში: ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, თბ., 2024.

თ. ირემაძე