მონეტარული პოლიტიკა, ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელსაც იყენებს ქვეყნის ცენტრალური ბანკი (აშშ-ში – ფედერალური სარეზერვო სისტემა, საქართველოში – ეროვნული ბანკი, სხვა ქვეყნებში – ცენტრალური ან ეროვნული ბანკი) ფულის მიწოდების მართვისათვის, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის, უმუშევრობის შემცირებისა და ეროვნული ვალუტის ღირებულების დაცვის მიზნით.
მ. პ-ს ცენტრ. ბანკი ახორციელებს სარეზერვო მოთხოვნების, საპროცენტო განაკვეთისა (დისკონტის) და ღია ბაზრის ოპერაციების გამოყენებით. მათი მეშვეობით იგი გავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნასა და მიწოდებაზე, ფულის ფასსა და სესხზე, დანახარჯებსა და დაზოგვაზე, ასევე ასრულებს კომერციული ბანკის კრედიტორის „უკანასკნელი იმედის“ (ცნობილია აგრეთვე როგორც „ბანკის ბანკი“) როლს, რათა უზრუნველყოს მისი ლიკვიდობა (ფულის მიწოდება), წარუმატებლობისა და ფინანს. პანიკის თავიდან აცილება. ამ მიზნით იგი ბანკს ასესხებს ფულს, რითაც მას ეკონომიკის სუბიექტზე უფრო მეტი სესხის გაცემისკენ უბიძგებს.
მ. პ. გამოიყენება ეკონომიკის სტიმულირებისა და ფასების სტაბილურობისათვის, რაც დამოკიდებულია ეკონომიკის ზრდის ან სტაგნაციის დონეზე. როდესაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფად განვითარების გამო, ინფლაცია არასასურველ დონემდე იზრდება, მაშინ ცენტრ. ბანკი ახორციელებს შემზღუდველ მ. პ-ს, ამცირებს მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობასა და ფულის მიწოდების ტემპს, ამით კი ზრდის საპროცენტო განაკვეთს და ამცირებს სესხზე მოთხოვნას. როდესაც ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში გადადის და ეკონომიკის ზრდა ნელდება, იმავე პოლიტიკის ინსტრუმენტებს იყენებს საპირისპიროდ – საპროცენტო განაკვეთების შემცირებით ზრდის ეკონ. აქტივობას და ამცირებს სარეზერვო ნორმას. ამ დროს დაზოგვა ნაკლებად მიმზიდველია, ხოლო სამომხმარებლო ხარჯი და სესხზე მოთხოვნა იზრდება. მასტიმულირებელი მ. პ. ზემოქმედებს ინფლაციაზე, ზრდის მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობას, ამცირებს უმუშევრობას, რადგან ფულის მიწოდება და მიმზიდველი საპროცენტო განაკვეთები ასტიმულირებს ბიზნესსაქმიანობას და იწვევს შრომის ბაზრის გაფართოებას.
მ. პ. ზემოქმედებს ეროვნ. და უცხ. ვალუტებს შორის გაცვლით კურსზე. ფულის მიწოდების ზრდა ან საპროცენტო განაკვეთის შემცირება აუფასურებს ადგილ. ვალუტას. სუსტი ვალუტა მსოფლიო ბაზრებზე შეიძლება იწვევდეს ექსპორტის ზრდას – წარმოებული პროდუქტების ამ ვალუტით შეძენა უცხოელისთვის ფაქტობრივად იაფდება. საპირისპირო ეფექტს იღებს იმპორტიორი – იზრდება მისი ხარჯი და მცირდება კონკურენტუნარიანობა.
ეკონომიკაზე ზემოქმედებისათვის მ. პ-ის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია ღია ბაზრის ოპერაციები. ცენტრ. ბანკი ყიდულობს (ან ყიდის) ფასიან ქაღალდებს (სადეპოზიტო სერტიფიკატები, მთავრობის სახაზინო ვალდებულებები, სახაზინო ობლიგაციები და სხვ.) ბანკებისა და ფასიანი ქაღალდების დილერებისგან, რათა შეცვალოს არსებული სახელმწ. ფასიანი ქაღალდებისა და ეკონომიკისთვის ხელმისაწვდომი ფულის რაოდენობა. მისი მიზანია ფულის მიწოდებისა და საერთაშ. რეზერვების კორექტირება მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებზე ზემოქმედების მიზნით.
მ. პ-ის ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტია საპროცენტო განაკვეთი (აშშ-ში – დისკონტის განაკვეთი, საქართველოში – რეფინანსირების განაკვეთი), რ-ის მიხედვით კომერც. ბანკი ცენტრ. ბანკისაგან იღებს სესხს და საბაზრო განაკვეთით გასცემს კრედიტს ეკონომიკის სუბიექტზე.
ხელისუფლებას შეუძლია ეკონომიკაზე მანიპულირება სარეზერვო მოთხოვნებით, თანხით, რ-იც ბანკმა უნდა შეინარჩუნოს საკუთარი კლიენტების მიერ შეტანილი დეპოზიტების პროპორციულად, რათა უზრუნველყოს თავისი ვალდებულებების შესრულება. სარეზერვო მოთხოვნის შემცირება კომერც. ბანკს მეტ კაპიტალს უტოვებს, რაც მას საშუალებას აძლევს გასცეს მეტი სესხი ან შეიძინოს სხვა აქტივი, ხოლო გაზრდა ამცირებს საბანკო სესხს და ეკონ. ზრდას.
ფულის მასის გასაზრდელად და ეკონომიკის გასააქტიურებლად ცენტრ. ბანკი იყენებს რაოდენობრივი შემსუბუქების მ. პ-ს – იგი დაკრედიტებისა და ინვესტირების წასახალისებლად ყიდულობს ფასიან ქაღალდებს ღია ბაზრიდან. ამ გზით კიდევ უფრო ამცირებს საპროცენტო განაკვეთს და უზრუნველყოფს ლიკვიდობას საბანკო სისტემაში, რაც საშუალებას აძლევს კომერც. ბანკს გასცეს კრედიტი უფრო მარტივი პირობებით. გლობალურად, ცენტრ. ბანკი ცდილობს გამოიყენოს რაოდენობრივი შემსუბუქება როგორც რეცესიისა და დეფლაციის თავიდან აცილების საშუალება. თუმცა რაოდენობრივი შემსუბუქების სტრატეგიამ ასევე შეიძლება შექმნას სტაგფლაცია, ანუ მაღალია ინფლაცია და უმუშევრობის დონე. შესაძლოა მან გააუფასუროს ეროვნ. ვალუტა ფულის მიწოდების ზრდის გამო. გაუფასურებული ვალუტა ეხმარება ეროვნ. მწარმოებელს გლობალურ ბაზარზე ექსპორტირებული საქონლის დაბალი ფასის ფორმირებაში, მაგრამ აძვირებს ქვეყანაში იმპორტს, ზრდის წარმოების ღირებულებასა და სამომხმარებლო ფასს.
ქვეყნების ეკონომიკის ისტორიისათვის დამახასიათებელია აღმავლობისა და კრიზისების მონაცვლეობა. მ. პ-ის ინსტრუმენტების გამოყენება ხდება ეკონ. ციკლების განვითარების შესაბამისად.
საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართვ. კონსტიტუციის თანახმად, ახორციელებს მ. პ-ს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რაც ინფლაციის ზომიერ და დაბალ დონეზე შენარჩუნებას გულისხმობს. თუ აშშ-ში ფედერალურ სარეზერვო სისტემას აქვს „ორმაგი მანდატი“ – მიაღწიოს მაქს. დასაქმებას და ფასების სტაბილურობას, საქართვ. ეროვნ. ბანკი, ევრ. ცენტრ. ბანკის მსგავსად, ინფლაციის თარგეტირების პოლიტიკას მიმართავს. ამ პოლიტიკაზე ეროვნ. ბანკი 2009 გადავიდა. საქართველოში ოპტიმალური ინფლაციის დონე განსაზღვრულია 3%-ით, რაც შეესაბამება ევროკავშირის მიერ აღიარებულ ურთიერთთავსებადობის კრიტერიუმს, რ-ის თანახმად, ინფლაცია არ უნდა აღემატებოდეს 1,5%-ზე მეტად ევროკავშირის სამი ყველაზე წარმატებული წევრი სახელმწიფოს მონაცემებს; ხოლო გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი სამი ყველაზე წარმატებული ქვეყნის მაჩვენებელს – 2%-ზე მეტად. საქართვ. ეროვნ. ბანკი მ. პ-ს იმგვარად წარმართავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 3%-ს უახლოვდებოდეს, მოკლევადიან პერიოდში კი ეგზოგენური, ერთჯერადი შოკების გამო ინფლაცია შეიძლება მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადაიხაროს.
2008 გლობალური ფინანს. კრიზისისა და რუსეთთან აგვისტოს ომის შედეგად ინფლაციამ 12%-ს გადააჭარბა და მ. პ-ის განაკვეთი ისტორიულად ყველაზე მაღალი იყო (12%). 2012–13 წლებში ინფლაცია გადაიზარდა დეფლაციაში (ფასების შემცირება), ხოლო მ. პ-ის განაკვეთი შემცირდა 3–4%-მდე. 2022 საერთაშ. სასაქონლო ბაზარზე ფასების მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად, კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული პროდუქციის გამოშვების შემცირების გამო ინფლაციამ 13%-ს გადააჭარბა. მ. პ-ის განაკვეთი გამკაცრდა და გაიზარდა 11%-მდე. ამჟამად მ. პ-ის განაკვეთი 9,5%-ია, საშ. წლ. ინფლაცია კი – 3%-ზე ნაკლები (2023).
ინფლაციის მიზნობრივი ორიენტირის მისაღწევად ეროვნ. ბანკი იყენებს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა რეფინანსირების სესხი, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატის აუქციონი, სახაზინო ობლიგაციების აუქციონი, ერთდღიანი სესხი და ერთდღიანი დეპოზიტი, მინ. სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები. ფინანს. ბაზარზე ეროვნ. ბანკის მ. პ-ის ინსტრუმენტების გამოყენებით ხდება მ. პ-ის მიზნების მიღწევა.
მ. თოქმაზიშვილი