მონავარდისაშვილი ბექარ გიორგის ძე

ბ. მონავარდისაშვილი

მონავარდისაშვილი ბექარ გიორგის ძე (27. X. 1937, სიღნაღი, – 1. V. 2008), მოცეკვავე და ბალეტმაისტერი, საქართვ. სახ. არტისტი (1990). 1956 დაამთავრა თბილ. ქორეოგრ. სასწავლებელი (პედ. ვ. ჭაბუკიანი), 1970 – საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო-საბალეტმაისტერო ფაკ-ტი (ხელმძღვ. ვ. ჭაბუკიანი). 1956–79 იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის წამყვანი მოცეკვავე. შესრულებული პარტიები: გორდა (დ. თორაძის „გორდა“), კასიო (ა. მაჭავარიანის „ოტელო“), პრინცი დეზირე (პ. ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი“) და სხვ. მ-ის დადგმებიდან აღსანიშნავია ა. ბალანჩივაძის „მთების გული“ (1977), ბ. ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანი“ და სხვ. 1972–85 მუშაობდა თბილ. ვ. აბაშიძის სახ. მუს. თეატრის მთ. ბალეტმაისტერად, 1981–85 – თბილ. ქორეოგრ. სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელად. 1979–80 მიავლინეს კონგოს სახ. რესპუბლიკაში, სადაც ჩამოაყალიბა ეროვნ. საბალეტო თეატრი. 1985-იდან იყო თბილ. დიდი საკონცერტო დარბაზის მთ. ბალეტმაისტერი. დადგმული აქვს ცეკვები საოპერო სპექტაკლებში, დრამ. თეატრის წარმოდგენებში, კინოფილმებში. მოღვაწეობდა სვერდლოვსკისა და ორჯონიკიძის (ახლანდ. ვლადიკავკაზი) ოპერისა და ბალეტის, თელავის დრამ. თეატრებში; 1993-იდან იყო ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი ქორეოგრაფი. მიღებული აქვს ვ. აბაშიძის სახ. პრემია (1994) და ღირსების ორდენი (1997).

თ. დოლიძე