მონადირეთუხუცესი

მონადირეთუხუცესი, სახელმწიფო სამონადირეო უწყების ხელმძღვანელი, რ-საც ექვემდებარებოდნენ მონადირეები და ტყის მცველები, XVII–XVIII სს-ში ამ სამსახურის მთ. მოხელე ბაზიერთუხუცესი გახდა. მ. განაგებდა სამეფო ნადირობის საქმეს, რ-იც სამხედრო წვრთნას წარმოადგენდა და სავალდებულო საჯარო სამსახურის რანგში იყო აყვანილი.

-ად ინიშნებოდნენ დაბალი წოდების მსახურები, რ-ებსაც თანამდებობა საგვარეულო პრივილეგიად ჰქონდათ ქცეული. -ის საგამგებლოს წარმოადგენდა სამეფო ნაკრძალები და სანადირო სადგომები.

-ის მოვალეობა იყო ნადირობის სამეფო წესის მკაცრად დაცვა და კონტროლი, ნადირობის ორგანიზება (საჭირო დროსა და ადგილას მონადირეთა მობილიზება, ნადირობის პროცესისათვის თვალყურის დევნება და მისი უსაფრთხოდ წარმართვა), ახლომდებარე სოფლების მცხოვრებთა მიმართ მონადირეთა თვითნებობის ალაგმვა. ამ მრავალგვარ ფუნქციას მ. ასრულებდა ტყისმცველთუხუცესების, ტყისმცველების, მეძაღლეებისა და ბაზიერების დახმარებით.

„ჴელმწიფის კარის გარიგების“ (XIV ს.) მიხედვით, კახეთსა და იმერეთში -ის განკარგულებაში იყო მეფეთა სანადირო სადგომებზე მიწერილი მონადირეთა 260 სახლი. მ. ზოგიერთი პრივილეგიით სამეფო კარის დიდებულ მოხელეებსაც აღემატებოდა. მაგ., საახალწლო რიტუალში, რ-შიც მრავალი არქაული ელემენტია შემორჩენილი, მ. მთავარ ფიგურას წარმოადგენდა. მას ევალებოდა მეფის შემოსვა საახალწლო შესამოსლით, რის შემდეგაც იგი ხელმწიფეს საღვინეში მიჰყვებოდა, სადაც ტაბლასთან სვამდნენ და ველური ტახის თავს მიართმევდნენ. საახალწლო ნადიმს -სთან ერთად ტყისმცველები და მონადირეებიც ესწრებოდნენ. ამავე წყაროს მიხედვით, გაერთიანებულ ფეოდ. საქართველოში ძაღლების მოშენება-გაწვრთნის მოხელეები -ს ემორჩილებოდნენ. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით – ბაზიერთუხუცესს, „დასტურლამალის“მიხედვით კი – მეძაღლეთუხუცესს. მ. უძღვებოდა მეფის საახალწლო ნადირობის რიტუალსაც.

ლიტ.: ანთელავა ი., საქართველოს საისტორიო წყაროთმცოდნეობითი ძიებანი, თბ., 2002; სურგულაძე ივ., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, I, ქართლის სახელმწიფოებრივი წყობილება გვიანფეოდალურ პერიოდში, თბ., 1952; ჩხატარაიშვილი ქ., ნარკვევები სამხედრო საქმის ისტორიიდან ფეოდალურ საქართველოში („ლაშქარ-ნადირობა“ და მისი სოციალური არსი), თბ., 1979.

ი. უჯმაჯურიძე