მონადირე, პირი, რომელიც ნადირობას მისდევს. ნადირობას ფეოდ. წყობილებაში სამხედრო და სამეურნეო ხასიათი ჰქონდა, ის ასევე იყო გართობის საშუალება.
ქართ. საისტ. წყაროებში არაერთი ცნობაა შემონახული ნადირობის შესახებ. „ამირანდარეჯანიანისა“ და „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, ნადირობა „საჭაბუკო“, რაინდული საქმეა. არჩილის თანახმად კი ლაშქრობას და ნადირობას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. ფეოდალი ბავშვობიდანვე უნდა დაუფლებოდა მხედრობას, იარაღის ხმარებას, ნატიფ ქცევას, ნადირობას და ნადირ-ფრინველის, აგრეთვე ძაღლების მოვლასა და დაგეშვას. ნადირობას, როგორც სამხედრო წვრთნის ფორმას, ფეოდ. აღზრდის სისტემაში ძირითადი ადგილი ეკავა. მისი სამხედრო დანიშნულება აისახა ტერმინით „ლაშქარ-ნადირობა“, რაც არამწარმოებელ მოსახლეობაზე შეწერილ სამხედრო ბეგარას ეწოდებოდა. არისტოკრატიის წარმომადგენლები ნადირობისას თან ერთობოდნენ, თან მეფის წინაშე თავის გამოჩენისა და დაწინაურების საშუალება ეძლეოდათ.
„ჴელმწიფის კარის გარიგებაში“ აღწერილია სამეფო კარზე მ-თა დასაჩუქრების რიტუალი, რ-იც ნადირობის სეზონის დასასრულს – თევდორობას (დიდმარხვის პირველი შაბათი) იმართებოდა. ამ დროს მ-ებს გასამრჯელოდ აძლევდნენ 3 თეთრს, ხოლო ხორციელის კვირას – 6 ტყავს. მწიგნობარი მონადირე ძაღლებიდან მეფისთვის რამდენიმეს გადაარჩევდა, ხოლო დანარჩენს მ-ებს გადაუნაწილებდა გამოსაკვებად და გასაზრდელად. ამის შემდეგ მ-ები ლამპრებით ხელში მეფის, მისი სახლეულისა და ვეზირების წინაშე წარდგებოდნენ. მეფე-დედოფალი და ვეზირები მათ პურ-ღვინოს და საკლავს უბოძებდნენ. რიტუალის დასასრულს მ-ები ანთებული ლამპრებით ხელში ფერხულს ჩააბამდნენ და საფერხულო სიმღერებში აუგად მოიხსენიებენ „პურად ავ“ მოხელეებს. ფეოდ. საქართველოში სანადირო უწყების მოხელეები იყვნენ მონადირეთუხუცესი, მ-ები, ტყის მცველები და ძაღლების მოშენება- წვრთნის მოხელეები.
დღეისათვის საქართვ. კანონმდებლობით მიღებული ლიცენზიის საფუძველზე დაშვებულია სამოყვარულო და სპორტული ნადირობა. საქართვ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვით ნადირობის უფლება ეძლევა ფიზიკურ პირს, რ-საც შეუსრულდა 18 წელი და აქვს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. ნადირობა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, კერძოდ, სამონადირეო მეურნეობებში, რ-თა მოწყობა შესაძლებელია დაცულ ტერიტორიებზე (აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია). გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია სამონადირეო მეურნეობების გარეთაც. ნადირობა აკრძალულია სახელმწ. ნაკრძალებში, ბუნების ძეგლებსა და ეროვნ. პარკების მკაცრი დაცვის ზონებში, დაუშვებელია აგრეთვე ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი და სხვა აკრძალული საშუალების გამოიყენება.
ლიტ.: სურგულაძე ივ., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, I, ქართლის სახელმწიფოებრივი წყობილება გვიანფეოდალურ პერიოდში, თბ., 1952; ჩხატარაიშვილი ქ., ნარკვევები სამხედრო საქმის ისტორიიდან ფეოდალურ საქართველოში („ლაშქარ-ნადირობა“ და მისი სოციალური არსი), თბ., 1979; ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში (ენციკლოპედიური ლექსიკონი), თბ., 2017.
ი. უჯმაჯურიძე