მომშენებლობა სასოფლო-სამეურნეო ცხოველისა

მომშენებლობა სასოფლო-სამეურნეო ცხოველისა, მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ფრინველებისა და სამეურნეო სასარგებლო მწერების გამრავლების, მათი მემკვიდრეობითი თვისებების გაუმჯობესების, არსებული ჯიშების გენეტიკური სრულყოფის, ახ. მაღალპროდუქტიული ჯიშების, ხაზებისა და სამრეწველო ჰიბრიდების, შეჯვარებით გამოყვანის პროცესის მართვის საკითხებს. მ. ს.-ს. ც. ზოოტექნიკური მეცნიერების ნაწილია, ემყარება ცხოველთა სახეობებსა და ჯიშებში მიმდინარე გენეტ. პროცესების ბიოლ. ცოდნას და მჭიდროდაა დაკავშირებული ევოლუციის თეორიასა და გენეტიკასთან, აგრეთვე ფიზიოლოგიასთან, ბიოქიმიასთან, მათემატიკასთან და ქმნის მეცხოველეობაში სანაშენე-სასელექციო მუშაობის თეორ. საფუძველს. მას ხშირად სანაშენე საქმის თეორიასაც უწოდებენ, თავად სანაშენე მუშაობა კი ნახირის პროდუქტიულობის ზრდისკენ მიმართული ზოოტექნ.-ორგანიზაციულ ღინისძიებათა კომპლექსია, რ-თაგან უმთავრესია საუკეთესო ცხოველთა გადარჩევა, მშობელთა წყვილების სწორად შერჩევა, მოზარდეულის სწორად გამოზრდა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში ხაზთაშორისი, ჯიშთაშორისი შეჯვარება და სახეობათაშორისი ჰიბრიდიზაცია.

მ. ს.-ს.ც-ის საკითხებზე ცოდნის ელემენტები ჩაისახა შორეულ წარსულში, სას.-სამ. ცხოველთა შემოჩვევა-მოშინაურების პერიოდში. ამ მიმართულებით შემუშავებულ მეთოდებსა და ხერხებზე ცნობებმა ჩვენამდე მოაღწია ძველბერძნული (მ. ვარონი, ქსენოფონტე, ჰიპოკრატე და სხვ.), აგრეთვე შუა საუკუნეების წერილობითი წყაროებით. განსხვავებულმა მიდგომებმა საფუძველი დაუდო ცხოველთა სამეურნეო-ბიოლ. და მორფოლ. ცვლილებებს, რამაც განაპირობა სხვადასხვა პროდუქტიული მიმართულების ათასობით ჯიშის ჩამოყალიბება.

მ. ს.-ს. ც-ის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ჩ. დარვინის ნაშრომებმა. მან დაასაბუთა ხელოვნური გადარჩევის როლი ცოცხალი ორგანიზმის ევოლუციასა და ჯიშების ჩამოყალიბებაში, რაც აისახა ცნობილი ბრიტანელი სელექციონერების – რ. ბეკველისა და ძმების, რ. და ჩ. კოლინჯების ნაშრომებში. ამ პერიოდს (XVIII ს. I ნახ.) „ევროპის მეცხოველეობის ოქროს ხანა“ ეწოდა. საინტერესო სამეცნ. კვლევა ჩაატარეს უ. დიუისატმა, გ. ზედეგასტმა, ვ. ნათუზიესმა, ს. რაიტმა, ჯ. ჰემონდმა, ჯ. ლაშმა და სხვ.

საქართველოში 1923 თსუ-ის აგრონ. ფაკ-ტზე ნ. პ. იოსელიანმა დააარსა ცხოველთა მომშენებლობისა და გენეტიკის კათედრა. მოგვიანებით ამ მიმართულებით სამეცნ.-კვლ. მუშაობა გაიშალა ზოოტექ.-სავეტერინარო და სას.-სამ. და სასწ.-კვლ. ინ-ტებში. მათი შესწავლის საგანია: 1. ცხოველთა წარმოშობის, შერჩევა-მოშინაურებისა და ევოლუციის თავისებურებანი; 2. ცოცხალი ორგანიზმის ზრდა-განვითარების კანონზომიერებანი და მისი მართვის მეთოდები; 3. მოძღვრება ცხოველის სხეულის აგებულებაზე (კონსტიტუცია, ექსტერიერი და ინტერიერი); 4. ცხოველთა პროდუქტიულობის სახეები და მათი შეფასების პრინციპები; 5. ცხოველთა გადარჩევა, მიზანმიმართული შერჩევა და მონაშენის ხარისხის შეფასება, როგორც წინაპრებზე უკეთესი შთამომავლობის მიღების საშუალება და ჯიშების სრულყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორი; 6. მოძღვრება ცხოველთა ჯიშებზე, როგორც ადამიანის მიერ გამოყვანილ სას.-სამ. ცხოველთა მოწესრიგებულ ჯგუფზე; 7. ცხოველებთან სანაშენე მუშაობის სისტემები და მათი მოშენების მეთოდები სახეობრივ-ჯიშობრივი კუთვნილების გათვალისწინებით.

ქართვ. მომშენებელთა პრაქტიკული მიღწევების შედეგია ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები: ქართული მთის ძროხა, კახური ღორი, იმერული და თუშური ცხვარი, მეგრული თხა, თუშური და მეგრული ცხენი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ცნობილი მეჯოგეების, ძმები კვარაცხელიების წვლილი. მათი გამოყვანილი (XIX ს.) ძროხის მეგრული წითელი ჯიში სელექციური ერთტიპურობით გამოირჩევა.

XX ს. II ნახ-ში ქართველმა სელექციონერებმა გამოიყვანეს ცხვრის 2 (დ. ნატროშვილი, ი. ბაძოშვილი), ძროხის 1 (ნ. კ. გოცირიძე), ინდაურის 1 (ნ. ანთაძე) და აბრეშუმის ჭიის 30 (ნ. ჭავჭანიძე, ა. ძნელაძე, ნ. სანაძე, ა. გიორგაძე, შ. ღვინეფაძე, ნ. ბარამიძე და სხვ.) ჯიში, აგრეთვე 20-ზე მეტი სამრეწველო ჰიბრიდი.

ლიტ.: გოცირიძე ნ., რძისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგია, თბ., 1997; მიჩიტაშვილი რ., ცხოველთა მომშენებლობა, თბ., 2010; ჯორჯიკია გ., სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გადარჩევა, შერჩევა და მოშენების მეთოდები, თბ., 1928.

გ. გოგოლი