მოლუსკები (Mollusca), რბილტანიანები, უხერხემლო ცხოველების ტიპი. არსებობს მ-ის 8 კლასის (ერთფირფიტიანები, ღარმუცლიანები, ჯავშნიანები, მონოპლაკოფორები, ორსაგდულიანები, სკაფოპოდები, მუცელფეხიანები, თავფეხიანები) 107 ათ-ზე მეტი სახეობა. უმრავლესობა ბინადრობს ოკეანეში, ზღვაში, მტკნარ წყალში, შედარებით ნაკლები – ხმელეთზე. საქართველო განსაკუთრებით მდიდარია ხმელეთის მ-ებით (გვხვდება დაახლ. 230 სახეობა და ქვესახეობა).
მ-ის სხეული იყოფა 3 ნაწილად: თავი, ტანი, ფეხი. უმრავლესობის სხეული ნიჟარაშია მოქცეული. თავზე მოთავსებულია პირი, მრავალ მათგანს ერთი ან ორი წყვილი საცეცი აქვს, რ-თა ბოლოებზე თვალები ზის, ორსაგდულიანს კი თავი არ აქვს. ტანი მჭიდროდ ეკვრის ნიჟარას და ზოგიერთ სახეობაში (მუცელფეხიანები) ნიჟარის მსგავსად სპირალურადაა დახვეული. მისი ძირი მანტიითაა გარემოცული. მანტიასა და ტანს შორის არის მანტიის ღრუ, რ-შიც მოთავსებულია გული, სასუნთქი ორგანოები და თირკმლები, ხოლო ტანში – საჭმლის მომნელებელი და სასქესო ორგანოები. სუნთქავენ ლაყუჩებით, ანუ ქტენიდიებით. ხმელეთის მუცელფეხიანთა უმეტესობა ფილტვით სუნთქავს. ნერვული სისტემა გაფანტულ-კვანძური ტიპისაა და შედგება 5–6 წყვილი კვანძისაგან. მ. გაყოფილსქესიანები არიან, იშვიათად – ჰერმაფროდიტები. მათი უმრავლესობა მრავლდება კვერცხებით, საიდანაც გამოდის ლარვა, ანუ ტროქოფორა, რ-იც გადაიქცევა მეორე ლარვულ სტადიად – მეიალქნედ, ანუ ველიგერად. მ-ის ზოგიერთი სახეობა ცოცხლადმშობია. რამდენიმე ასეთი სახეობა საქართველოშიც გვხვდება. საკვებად გამოიყენება ხამანწკები, მიტილუსები, სავარცხლურები და სხვ.