მოლოკნები, მალაკნები, რელიგიური და ეთნოგრაფიული ჯგუფი. XVIII–XIX სს. ჩამოყალიბდა რუსეთში, დუხობორების დაპირისპირების შედეგად. მისი დამაარსებელი იყო ს. უკლეინი. სახელწოდება მ. მომდინარეობს სიტყვა „მოლოკოდან“. ერთი მოსაზრებით, სახელი უკავშირდება ფაქტს, რ-ის მიხედვითაც ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები მარხვის დროს რძეს სვამდნენ, მეორე მოსაზრებით კი სახელწოდება მიიღო მდ. მოლოჩნაიადან, რ-ის ნაპირზე მ-ის დიდი ნაწილი ცხოვრობდა. თავად მ-ები თავიანთ თავს „სუფთა სულიერ რძეს“ ადარებდნენ, რ-იც დაფუძნებული იყო პეტრე მოციქულის სიტყვებზე: „თქვენ, როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისთვის“.
მ-მა თავიანთი მოძღვრების მიხედვით უარყვეს მღვდელი და ძველი საეკლ. ტრადიციები. მათი მთავარი მიმართულება სულიერ, ზნეობრივ მხარეზეა გადატანილი. ეფუძნებიან ათ მცნებას და ცხრა ნეტარებას. ბიბლიასა და საეკლ. საიდუმლოებებს სიმბოლურად მოიაზრებენ. მათი განმარტებით, წმ. სამება არის ღმერთი სამ პიროვნებაში, მაგრამ ძე ღმერთი და სული წმინდა ღვთაებრიობით მამის თანასწორად არაა მიჩნეული. თავისებურად ესმით ქრისტეს შობა ქალწულისგან, ქრისტეს განკაცების მაცხონებელი არსი, ზიარების საიდუმლო და თავად აღდგომაც. უარყოფენ ნათლისღებას წყლით. ღვთისმსახურებისას მთავარი ადგილი თემის უხუცესებს უკავიათ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფსალმუნების კითხვასა და გალობას.
გარკვეული დროის შემდეგ მ-ებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ესქატოლოგიურ მოლოდინს. მათი რწმენით, ქრისტეს ათასწლოვანი მეუფება მალე დაიწყებოდა და აღთქმული ქვეყნისკენ, კერძოდ, კავკასიაში დაიწყეს გადასახლება. თუმცა მალე მ. სექტად გამოცხადდა და XIX ს. დასაწყისში მათი დევნა დაიწყეს კავკასიაში, ყირიმსა და ციმბირში.
საქართველოში მ. იძულებით მასობრივად ჩამოასახლეს 1841–50. ისინი თბილისსა და კახეთში, ძირითადად სიღნაღსა და ლაგოდეხში დასახლდნენ, მისდევდნენ სოფლის მეურნეობას, მეფუტკრეობას, თბილისელი მ-ები კი – მეეტლეობას და ხელოსნობას. მათ დააარსეს საკუთარი ბაზარი (მალაკნების ბაზარი).
1867 საქართველოში ჩამოსახლებულმა მ-ის ნაწილმა წყლით ნათლობის აუცილებლობა აღიარა, რამაც მათ შორის განხეთქილება გამოიწვია და შედეგად თბილისელი მ-ის რიცხვი შემცირდა. XX ს. ბოლოს მ-ის დიდი ნაწილი სამშობლოს დაუბრუნდა, თბილისში დარჩენილი ნაწილი კი – ადგილობრივ ბაპტისტებს შეუერთდა, თუმცა პირვანდელ წეს-ჩვეულებებს არ უარყოფენ და უარს აცხადებენ წყლით ნათლობაზეც.
ლიტ.: სონღულაშვილი ა., საბჭოური პოლიტიკა და საქართველოს ეროვნული უმცირესობა, თბ., 2018.
თ. მარგველაშვილი