მოლითის მარმარილოს საბადო, მდებარეობს იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. მოლითში, მდ. ჩხერიმელის აუზში, ზ. დ. 580–1040 მ სიმაღლეზე. საბადო განლაგებულია ძირულის მასივის სამხრ.-აღმ. პერიფერიაზე მეზოზოური ნალექებით აგებული ანტიკლინის სამხრ. ფრთაში. განეკუთვნება დანალექ საბადოებს. მადნიანი სხეულები წარმოდგენილია ძირითადად გამარმარილოებული კირქვების ლინზების სახით, რ-იც ორ ნაწილად იყოფა. წყების ქვედა ნაწილი წარმოდგენილია წვრილმარცვლოვანი მარმარილოსებრი კირქვებით. ქანი ნაცრისფერია და აქვს ლამაზი დეკორ. სახე. წყების ზედა ნაწილიც ორ დასტად იყოფა. ქვედა დასტის კირქვებს ფარულკრისტალური, წვრილმარცვლოვანი აგებულება აქვს. ქანი მოვარდისფრო-ყავისფერი ან ღია წითელია, აქვს ლამაზი დეკორ. ქარგა. ზედა დასტა აგებულია წითელი ფერის ფარულკრისტალური, წვრილმარცვლოვანი გამარმარილოებული კირქვებით, რ-ებშიც გვხვდება კალციტის თეთრი ფერის ჩანართები. გამარმარილოებული კირქვის წყების სიმძლავრე ერთეული მეტრიდან 67 მ-მდე იცვლება. მოლითის მარმარილოსებრი კირქვები გამოიყენება მშენებლობაში, ფასადის ან იატაკის მოსაპირკეთებლად.
ნ. ჯაფარიძე