მოლიერი

მოლიერი. გრავიურა. 1658.

მოლიერი (Mollere) (ნამდვ. სახელი და გვარი ჟან ბატისტ პოკლენი) (15. I. 1622, პარიზი, – 17. II. 1673, იქვე), ფრანგი დრამატურგი, მსახიობი, თეატრალური მოღვაწე, „მაღალი კომედიის“ ჟანრის ფუძემდებელი. მან შექმნა ახ. ტიპის კომედია, რ-იც მკაფიო რეალისტური ტენდენციითა და ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მ-ის პიესებს ახასიათებს სატირული მხილების დიდი ძალა. საყოველთაო აღიარება მოიპოვა მისმა პიესებმა: „მიზანთროპი“ (1667), „ტარტიუფი“, „ძუნწი“ (ორივე 1669), „გააზნაურებული მდაბიო“, „სკაპენის ოინები“ (ორივე 1671), „დონ ჟუანი“ (1683) და სხვ.

მ-ის შემოქმედებას საქართველოში XIX ს-ში გაეცნენ. დაიწყეს მისი კომედიების თარგმნა. „სკაპენის ოინები“ თარგმნა ა. წერეთელმა სათაურით „სკაპენის ცუღლუტობანი“, ი. ერისთავმა (გ. ერისთავის ძმა) – პიესა „უნებლიედ ექიმი“ (დაიდგა გ. ერისთავის თეატრში, 1852–53 სეზონი), გ. თუმანიშვილმა – „ჟორჟ დანდენი“ (დაიდგა ქუთაისში, 1878), ი. მაჭავარიანმა – „ტარტიუფი ანუ მუზმუზელა“ (1901, დაიდგა რუსთაველის თეატრში 1921); 1938 მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დადგა „სკაპენის ოინები“, 1943 კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრმა – „ვითომდა ავადმყოფი“, 1969 რუსთაველის თეატრმა – „გააზნაურებული მდაბიო“ (რეჟ. გ. ჟორდანია), 1981 კინომსახიობთა თეატრმა – „დონ ჟუანი“ (რეჟ. მ. თუმანიშვილი, პიესა ამ თეატრისათვის თარგმნა მ. ანთაძე-ციციშვილმა. გამოქვეყნდა 2014), 2007 კ. მარჯანიშვილის თეატრმა – „ძალად ექიმი“ (გ. ჟორდანია), 2013 კი – „ტარტიუფი ანუ ფარისეველი“ (რეჟ. ლ. წულაძე). გამოქვეყნდა დ. ყიფიანის მიერ თარგმნილი სამ-მოქმედებიანი კომედია „სიყვარული მკურნალობს“ (ჟურნ. „ივერია“, 1879), „დრამატული თხზულებანი“ (1909), „კომედიების კრებული“ (1937), „დონ ჟუანი ანუ ქვის სტუმარი“ (2017, თარგმნა გ. ეკიზაშვილმა).

ნ. თარგამაძე