მოლაღური, გულყვითელა (Oriolus oriolus), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა, მოლაღურისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 25 სმ, ფრთაშლილისა – 45 სმ, მასა – 50–90 გ. შეუძლია 70 კმ/სთ სიჩქარით ფრენა. მამალს მოოქროსფრო-მოყვითალო შავნარევი ბუმბული აქვს, დედალს და ახალგაზრდა მ-ს – მომწვანო; მკერდი ლაქებითაა დაფარული. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, სამხრ.-დას. აფრიკაში. ზ. დ. 4300 მ-ზე ადის. საქართველოში ბევრგან გვხვდება. მობუდარ-გადამფრენი ფრინველია. ბუდეს იკეთებს ხეებზე. დებს 1–6 (ძირითადად 2–3) ჭრელ კვერცხს. იკვებება მწერებით, მ. შ. შებუსვილი მუხლუხოებით, იშვიათად – კენკრით, ხილით (განსაკუთრებით მიგრაციის წინ და მიგრაციისას), ყლორტებით, ყვავილებით, ზოგჯერ წვრილ ბეღურასნაირთა ბარტყებით. მისი გალობა ფლეიტის ხმას ჰგავს, ხმამაღლა სტვენა კი – კატის კნავილს, ასევე ახასიათებს ჩუმი ხრჭიალა ხმები (შევარდნისებრთა მსგავსად). ხალხური სახელწოდებაა ბიჭო-გოგია.
რ. ჟორდანია
ა. ბუხნიკაშვილი