მოლარეთუხუცესი, მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე შუა საუკუნეების საქართველოში. მ. გაერთიანებულ საქართველოში მსახურთუხუცესს ექვემდებარებოდა, გვიანფეოდალურ ხანაში კი – სახლთუხუცესს. მ-ს ორმაგი ფუნქცია ჰქონდა, იგი მეფის „საკუთართაგანიც“ იყო და სახელმწ. მოხელეც. მ-ის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა მეფის სამდივნოს მომსახურება. დიდი სახელმწ. ბეჭედი ინახებოდა სალაროში და სიგელი „დასაბეჭდად“ იქ მიჰქონდათ. სახელმწ. ბეჭედი იხსნებოდა „საგასახსნითე ბეჭდით“, რ-იც მ-ს მეფისგან ჰქონდა ბოძებული და თითზე წამოცმულს მუდამ თან ატარებდა.
მ-ს ებარა სალაროს მთავარი განყ-ბა, მთავარი ყუთი, საიდანაც, მეფის მოთხოვნის შესაბამისად, მ. აკონტროლებდა ძვირფასი სამოსის, ქსოვილების ან სხვა ძვირფასეულობის გამოტანას. მ-ის გამგებლობაში შედიოდა „მეფის სალარო“, ანუ „ბატონის სალარო“ და სანიადაგოდ სახმარი საქონელი. მასვე ევალებოდა სალაროს შემოსავლის მიღება, ხელფასის გაცემა, საჩუქრები, სასახლის მომარაგება პურით, ყველით, საპნით. მ-ს წილი ერგებოდა, სალაროში შემოსული და სალაროდან გაცემული საჩუქრებიდან, აგრეთვე – თუმანზე ორი შაური. ყოველი გაცემული ჯამაგირიდან.
მ-ს ექვემდებარებოდნენ სალაროს მოხელეები: თავლიდარი, მუშრიბი, გერაქიარაღი, მუსტოფი და მოლარე.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, გაერთიანებულ ფეოდ. საქართველოში ფული და განძეულობა მეჭურჭლეთუხუცესის ხელში იყო, XVII ს-იდან მისი ადგილი მ-მა დაიკავა.
მ. ჰყავდა დედოფალსაც, რ-იც უფრო დაბალ თანამდებობად ითვლებოდა.
ლიტ.: ანთელავა ი., საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI–XIII საუკუნეებში, კრ.: საქართველოს საისტორიო-წყაროთმცოდნეობითი ძიებანი, თბ., 2002; გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 13; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, I-ქართლის სახელმწიფოებრივი წყობილება გვიანფეოდალურ პერიოდში, თბ., 1952; ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში (ენციკლოპედიური ლექსიკონი), თბ., 2017.
ი. უჯმაჯურიძე