მოლარე

მოლარე, დაბალი რანგის სამეურნეო მოხელე შუა საუკუნეების საქართველოში. მ. საპატიო სახელო არ იყო და სალაროს ნაზირს და მოლარეთუხუცესს ექვემდებარებოდა, რაც „დასტურლამალის“ მიხედვითაც დასტურდება. იგი დასახელებულია მოლარეთუხუცესის სარგოს წიგნშიც.

სალაროში ინახებოდა არა ყოველდღიურად მოსახმარი ნივთები – დედოფლის ტანისამოსი, სამკაულები, ფარჩა, ვერცხლისა და ოქროს ფული, ძვირფასი ქვები, აგრეთვე, ნადირობის მოწყობილობა და სხვა სახელმწ. ქონება. სალარო სალაროს ნაზირს ებარა, მ. კი მის ერთ-ერთ განყ-ბას განაგებდა. სტუმრისთვის მეფის საჩუქრის მისართმევად მ-ს წინ მემანდარი მიუძღვებოდა. მ. ასევე იღებდა სტუმრისგან საჩუქარს, წილს – სალაროში შემოსული საჩუქრიდან, სალაროდან გაცემულ ხელფასზე კი – თუმანზე ნახევარ შაურს.

მ-ები ჰყავდა როგორც მეფეს, ისე დედოფალსა და ფეოდალებს.

თანამედროვე საქართველოში მ. განაგებს სალაროდან ფულის გაცემასა და მიღებას.

ლიტ.: გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 13; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, I – ქართლის სახელმწიფოებრივი წყობილება გვიანფეოდალურ პერიოდში, თბ., 1952.

ი. უჯმაჯურიძე