მოკვეთა, სასჯელის ფორმა, რომელიც ითვალისწინებდა საცხოვრებელი ადგილიდან, ორგანიზაციიდან თემიდან გაძევებას, განდევნას. ძვ. ქართ. სამართალში მ. გამოიყენებოდა საზ-ბის, კორპორაციის წევრის მიმართ, როგორც სასჯელის უმაღლესი, უკიდურესი სახე. ამ სასჯელს ასევე ეწოდებოდა განდევნაჲ, განგდებაჲ, განძევებაჲ, განჴდაჲ, გარე-განთხევაჲ, ან თუ მრავალ პირს ეხებოდა – განსხმაჲ.
გიორგი მთაწმინდელის ცნობით, მ. დაწესებული იყო ათონის ქართველთა მონასტერში. ვაჰანის მონასტრის წესდების მიხედვით, მონასტრიდან მ-ის მიზანი პირთა მავნე გავლენის მოსპობა იყო: „რათა არა ყოველსა გუამსა განეზაოს სიმპალე“.
როდესაც ბრალეულის ქმედება უკიდურესად მძიმე იყო და თემი გაძევებულის უკან დაბრუნებას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა, ასეთ წევრს განდევნისთანავე სასჯელის ეს ფორმა განესაზღვრებოდა. საბოლოო და სამუდამო გაძევებას სრულიადი ან შეუნდობლად განჴდაჲ“ ეწოდებოდა და ასეთ განდევნას კრულვა-შეჩვენებაც სდევდა თან.
ლიტ.: ხოშტარია–ბროსე ე., ფეოდალური ხანის საქართველოს მთის და ბარის ურთიერთობის საკითხები, თბ; 1984; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2., ნაკვ. 2., თბ., 1984; (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7).
ი. უჯმაჯურიძე