მოკვდავი და აღდგომადი ღვთაებები

მოკვდავი და აღდგომადი ღვთაებები. რელიგიურ-მითოლოგიური მიმართულება, რომელიც ასახავს ღვთაების სიკვდილს და აღდგომას. აღნიშნული კონცეფცია დაკავშირებულია ბუნების ციკლურობასთან, სოფლის მეურნეობის სეზონურ რიტმებთან და სიცოცხლის განახლების უნივერსალურ სიმბოლიკასთან. არქაულ რელიგიებში მსგავსი ნარატივები ფიქსირდება ოსირისის (ეგვიპტე), თამუზისა (მესოპოტამია), ადონისისა და დიონისეს (საბერძნეთი), ტელეფინუს (ხეთები) სიკვდილის და აღდგომის რიტუალებში.

საქართველოში მ. და ა. ღ-ის ფენომენი პირველად გამოიხატა არქაულ მითოლოგიაში, რ-შიც მკაფიოდ იკვეთება სიკვდილისა და სიცოცხლის ციკლური აღქმა. ასეთია გმირი და ნახევარღმერთი ამირანი, რ-ის ტანჯვა და მიჯაჭვულობა მარადიული ციკლის იდეას ატარებს, მისი „დაბრუნების მოლოდინი“ უკავშირდება სიკვდილისა და სიცოცხლის მარადიულობას. მთვარის ღვთაება, რ-ის ფაზები პირდაპირ ასახავს ბუნების ციკლურ ცვლილებებს და ლამარია, დედობისა და ნაყოფიერების ქალღმერთი, რ-ის კულტშიც სიცოცხლის რეგენერაციის სიმბოლიკა იკვეთება. ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ აღნიშნული ნარატივები ტრანსფორმირდა. იესო ქრისტე ითვლება ყველაზე სრულფასოვან მოკვდავ და აღდგომად ფიგურად, რ-ის ჯვარცმა, სიკვდილი და აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების მარადიული განახლების სიმბოლოდ არის აღიარებული.

საქართველოსთვის დამახასიათებელია ადგილობრივი ტრადიციების სინთეზი ქრისტ. კონტექსტში. მაგ: ქრისტ. ტრადიციით, წმ. გიორგი მკვეთრად ასოცირდება სიკვდილზე (ბოროტებაზე) გამარჯვების იდეასთან. „გიორგობის“ დღესასწაულ-ებში ხშირად შეინიშნება ძვ. წარმართული ფენების ნაშთები: წმ. გიორგის აღიქვამდნენ როგორც მიწის ნაყოფიერების და ციკლური აღდგენის გარანტს. მსგავსად, ღვთისმშობელი მარიამის კულტმა ნაწილობრივ შეითვისა ლამარიას ფუნქციები, ღვთისმშობელი ქრისტ. სამყაროში იქცა სიცოცხლის წყაროსა და მარადიული განახლების სიმბოლოდ. ფოლკლორულ პრაქტიკაში მ. და ა. ღ-ის მოტივები ასახულია გაზაფხულის ტრადიციულ დღესასწაულებში, ლაზარობა და ბერიკაობა, მურყვამობა, ტარ-ჭაბუკობა, აღდგომა, აგრეთვე გმირულ ეპოსში, სადაც გმირების ისტორია ასახავს სიკვდილისა და მარადიული არსებობის შერწყმას. ამდენად, ქართ. რელიგიურ-მითოლოგიური სივრცე გამოირჩევა წარმართული და ქრისტ. რელიგიის სინთეზით, რაც ქმნის უნიკალურ კულტ. მოდელს, სადაც ციკლურობის და აღდგენის იდეა ერთიანდება ქრისტ. სოტერიოლოგიასთან.

ლიტ.: აბაკელია ნ., სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში, თბ., 1997; აბაკელია ნ., ალავარდაშვილი ქ., ღამბაშიძე ნ., ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი თბ., 1991; ბარდაველიძე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. 1, ფშავი, თბ., 1974; რუხაძე ჯ.,·ქართული ხალხური დღესასწაული, თბ., 1999; სურგულაძე ი., მითოსი, რიტუალი საქართველოში, თბ., 2008; ჩიქოვანი მ., ქართული ეპოსი. მიჯაჭვულიამირანი, წგ. 1–2, თბ., 1959–65; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979.

თ. მარგველაშვილი