მოინ ად-დინ ნათანზი

მოინ ად-დინ ნათანზი, XV ს. სპარსელი ისტორიკოსი, წარმოშობით სისტანიდან. ცხოვრობდა ფარსში თემურლენგის შვილიშვილის, ისქანდერ ბენ უმარ შეიხის კარზე. 1414 მან შეადგინა მსოფლიო ისტორიის ტიპის თხზულება „მოინის რჩეულ ისტორიათაგანი“ („მონთახაბ ათ – თავარიხე მოჲნ“). თხზულება აღმოაჩინა აკად. ვ. ბარტოლდმა და პირობითად უწოდა „ისქანდერის ანონიმი“ (შემდეგ მანვე გაარკვია ავტორის ვინაობა). იგი ემყარება ჩვენამდე მოუღწეველ თურქულენოვან პირველწყაროებს. მოთხრობილია მონღ. იმპერიისა და თემურლენგის სახელმწიფოს სამხ.-პოლიტ. ისტორია. თხზულებაში საინტერესო ცნობებია საქართვ. შესახებ: თემურლენგის პირველი შემოსევა და ბაგრატ მეფის გამუსლიმანება, არაგვისა და ხიმშიას ხეობების, გორის, ლორეს დარბევა. ისტორიკოსი მეფე გიორგი VII-ის შესახებ ამბობს: „საქართველოს მეფეს დანებებისა და მორჩილების სრული მისწრაფება ჰქონდა, მაგრამ გამუსლიმანების შიშით შეუპოვარ წინააღმდეგობას ეწეოდა და ამ სიჯიუტეს ათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა“. ავტორი აღწერს ბირთვისის ციხისათვის გამართულ ბრძოლას: ციხის გარშემო ერთი მტკაველი სწორი ადგილიც კი არსად იყო კარვების გასაშლელად, ამასთანავე წყალიც არ იშოვებოდა. მეციხოვნეები ალაყაფიდან მოელოდნენ მტრის თავდასხმას და ფხიზლად დარაჯობდნენ მას. თემურლენგმა თავის სარდლებს ხის მორების, ლოდებისა და ალიზისაგან, იქვე ააშენებინა დიდი და მაღალი კოშკი, საიდანაც შესაძლებელი იყო ციხეში გადახედვა და თვალთვალი, ციხის გარშემო კი საალყო ჭახრაკ-მანქანები განალაგეს. მიუხედავად ამისა, ცადაზიდული კლდე (ანუ ციხე) ვერ დააზიანეს. მაშინ თემურლენგის ბრძანებით მოლაშქრეებმა ხამი აბრეშუმისა და ბამბის თოკებისგან 400 -საფეხურიანი კიბე დაგრიხეს და ამ სამხედრო ხრიკის საშუალებით ციხეში შეაღწიეს. ისტორიკოსის ცნობით, ბირთვისის ციხის ალყა 20 დღე გრძელდებოდა და ამ დროს თემურლენგის ბანაკში იმყოფებოდნენ ივანე ათაბაგი და გიორგი VII-ის ძმა კონსტანტინე. ბოლოს და ბოლოს, 1403 წ. 10 აგვისტოს თემურლენგმა აიღო ბირთვისის ციხე.

ლიტ.: კაციტაძე დ., „ისქანდერის ანონიმის“ ცნობები საქართველოს შესახებ, „თსუ შრომები“, 1965, ტ. 116, აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, 5; მისივე, საქართველო XIV–XV სს. მიჯნაზე, თბ., 1975; ტაბატაძე კ., ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ, XIV–XV სს. მიჯნაზე, თბ., 1974; Бартольд В. В., Определение «Анонима Искандера», Сочинения, т. 8, М., 1973; მისივე, Еще об анониме Искандера, იქვე.

დ. კაციტაძე