მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართული თეატრი ნ. დუმბაძის სახელობისა. დაარსდა თბილისში 1928. თბილისის მუშათა თეატრის ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფმა, გ. მიქელაძის, დ. ანთაძის, გ. სულიაშვილის თაოსნობით, წარმოადგინა მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი,“ შემდეგ – ნ. ნაკაშიძის „მზისკენ“ და ს. ზაიაცკის „რობინ ჰუდი“. ოპერის თეატრში წარმატებით ჩაიარა ნ. საცის ,,ფრიც ბაუერის“ პრემიერამ, სწორედ ეს დღე ითვლება მ. მ. ს. ქ. თ-ის დაარსების თარიღად. დაარსების დღიდან 1945-მდე თეატრს ხელმძღვანელობდა ა. თაყაიშვილი. 17 წლის განმავლობაში მან დადგა არაერთი სპექტაკლი: ნ. ოგნევის ,,ჰაიავატა“, შ. დადიანის ,,ბოთე და კუსპარა“, დ. ჭონქაძის ,,სურამის ციხე“, ო. თუმანიანის ,,გიქორი“, მ. ჯავახიშვილის ,,არსენა მარაბდელი“, გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის ,,ნაცარქექია“, ა. წერეთლის „პატარა კახი“, ნ. ლომოურის ,,ქაჯანა“, უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ და „ჭირვეულის მორჯულება“, ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“, ფ. შილერის „ვილჰელმ ტელი“ და სხვ. თეატრის პირველი მსახიობები იყვნენ გ. კუპრაშვილი, თ. თვალიაშვილი, ბ. გამრეკელი, ბ. ბარბაქაძე, მ. ერგნელი, ნ. ერისთავი, მ. ქორელი, მ. ჯაფარიძე, ა. გომელაური და სხვ. 50-იან წლებში წარმოდგენებს დგამდნენ როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა რეჟისორები: ა. ჩხარტიშვილი, გ. ჟურული, ს. ჭელიძე, ლ. იოსელიანი, კ. სურმავა, ო. ალექსიშვილი, ა. ქუთათელაძე და სხვ. სხვადასხვა დროს თეატრთან აქტიურად თანამშრომლობდნენ ცნობილი მხატვრები: ე. ახვლედიანი, ს. ვირსალაძე, პ. ოცხელი, ი. სუმბათაშვილი, ნ. ყაზბეგი, დ. თაყაიშვილი, ფ. ლაპიაშვილი, მ. მალაზონია, მ. ჭავჭავაძე, ა. რამიშვილი, მ. მურვანიძე, გ. ალექსი-მესხიშვილი, ი. გეგეშიძე, თ. ნინუა, ა. ჭელიძე და სხვ. თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რეჟისორებმა: ა. ნინუამ, თ. მაღალაშვილმა, ნ. კვასხვაძემ, ნ. ხატისკაცმა, თ. ჩხეიძემ და სხვ. თეატრის ხელმძღვანელები და მთ. რეჟისორები იყვნენ: შ. კილოსანიძე (1945–48), გ. ჟურული (1948–53), ს. ჭელიძე (1954–58 და 1963–66), ა. გამსახურდია (1958–63), თ. მაღალაშვილი (1966–75), ქ. ხარშილაძე (1996–98), გ. კიტია (1987–2007), ნ. ჯანდიერი (1982–98), მ. ანთაძე (2007–12).
აღსანიშნავია შ. გაწერელიას მოღვაწეობა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად (1976–96). მან რამდენიმე საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლი დადგა: კ. გუდრიჩისა და ა. ჰაკეტის „ანა ფრანკის დღიური“, ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“, დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ და „ქამუშაძის გაჭირვება“, ბ. ბრეხტის „სიმონა მაშარის სიზმრები“, ბ. ლავრენიოვის „რღვევა“, მ. ჯაფარიძის „ჩვენებურები“, ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“ და „კუკარაჩა“, ი. სამსონაძის „ბედნიერი ბილეთი“, „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“ და სხვ. ო. ბაღათურიას დადგმული სპექტაკლებია: ვ. ტენდრიაკოვის „ბანკეტი“, დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, შ. პეროს „წითელქუდა“ და ვაჟა-ფშაველას „სათაგური“. მისივე ,,ამიკო“ და ,,მეფე ლირი თავშესაფარში“ ღირსეულ ადგილს იკავებდნენ თეატრის რეპერტუარში. ამავე პერიოდში თეატრში საბავშვო და საყმაწვილო წარმოდგენები დადგა რეჟ. ქ. ხარშილაძემ (გ. მამლინის „სალამი დინოზავრებს!“ ვ. აგრანოვსკის „შეაჩერეთ მალახოვი!“ ი. გოგებაშვილის „იავნანა,“ ა. ლინდგრენის „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი,“ ე. როსტანის „შანტეკლერი,“ მაინ რიდის „ლეგენდა უთავო მხედარზე“, ა. ხმელნიკის „ჩვენს სკოლაში ყველაფერი წესრიგშია“, ა. ტოლსტოის „ბურატინოს თავგადასავალი“, ო’ჰენრის „წითელკანიანთა ბელადი“ და სხვ.).
1999 მოზარდ მაყურებელთა ქართ. და რუს. თეატრები გაერთიანდა და ნ. დუმბაძის სახელი მიენიჭა. 2013-იდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია რეჟ. დ. ხვთისიაშვილი. თეატრში, დილისა და დღის საბავშვო სპექტაკლების გარდა, იმართება საღამოს წარმოდგენები უფროსი თაობისათვის. თეატრის რეპერტუარშია თოჯინური სპექტაკლებიც: ა. პოპესკუს „მზის სხივი“ და ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“ (რეჟ. ბ. კუპრეიშვილი), „რწყილი და ჭიანჭველა“ (რეჟ. დ. ხვთისიაშვილი, გ. მარღანია), ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (რეჟ. ნ. საბაშვილი), „სათაგური“ და შ. პეროს „წითელქუდა“ (ორივეს რეჟ. ო. ბაღათურია), დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ (რეჟ. დ. ხვთისიაშვილი), უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ (რეჟ. ლ. წულაძე), ა. სულაკაურის „სალამურა“ (რეჟ. კ. მირიანაშვილი); მიუზიკლები: „ურჩხული და ლამაზმანი,“ „ალადინი“(ორივეს რეჟ. დ. ღვთისიაშვილი), „კომბლე“ (რეჟ. გ. კიტია) და სხვ. 2012-იდან მ. მ. ქ. თ-ში დიდ და მცირე სცენებთან ერთად ფუნქციონირებს ექსპერ. სივრცე. წლების განმავლობაში თეატრს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია, მ.შ. ს.-ს. ორბელიანის სახ. ჯილდო – ქართ. თეატრის დესპანი (საერთაშ. ასპარეზზე ქართ. კულტურის წარმოჩენისათვის). თეატრი მართავს გასტროლებს როგორც საქართვ. რეგიონებში, ისე საზღვარგარეთ, მონაწილეობს სხვადასხვა საბავშვო და დრამ. თეატრების ფესტივალებში.
2013-იდან თეატრის წინ გაიხსნა გამოჩენილი მსახიობების: რ. თავართქილაძის, ლ. ძიგრაშვილის, ბ. ხაფავას, ნ. მაჭავარიანის, ლ. მექვაბიშვილის, პ. ნოზაძის, ო. ბაღათურიას სახელობის ვარსკვლავები.
ა. მირიანაშვილი