მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო რუსული თეატრი, მოზარდ მაყურებელთა პირველი თეატრი ამიერკავკასიაში. დაარსდა 1927 თბილისში, რკინიგზელთა დრამ. წრის ბაზაზე. საბავშვო თეატრის შექმნის ინიციატორები და პირველი ენთუზიასტები იყვნენ ნ. მარშაკი, კ. შახ-აზიზოვი [შემდგომში მოსკოვის ცენტრ. საბავშვო თეატრის დირექტორი და ასიტეჟის (საბავშვო და მოზარდ მაყურებელთა თეატრების საერთაშ. ასოციაცია) ცენტრის პირველი პრეზიდენტი] და სხვ. ნ. მარშაკი თავისსავე შექმნილ თეატრს 33 წელი (1927–60) ხელმძღვანელობდა. თეატრში პირველი პრემიერა 1927 წ. 18 აპრილს შედგა. ნ. მარშაკის რეჟისურით დაიდგა ჰ. ლონგფელოს მიხედვით შექმნილი ვ. ოგნევის პიესა „ჰაიავატა – იროკეზების ბელადი“ (ეს თარიღი საქართველოში პროფ. საბავშვო თეატრის დაბადების დღედ მიიჩნევა), შემდეგ – „ტომ სოიერის თავგადასავალი“ (ა. ბრუშტეინისა და ბ. ზონას ინსცენირებით), ფ. შილერის „ყაჩაღები“ და „ვერაგობა და სიყვარული“, ე. შვარცის „თოვლის დედოფალი“, „ახალგაზრდა გვარდია“ (ა. ფადეევის მიხედვით), ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“, ა. წერეთლის „პატარა კახი“, ნ. გუსევის „მეთევზის შვილი“, ა. ტოლსტოის „ოქროს გასაღები“, „უფლისწული და მათხოვარი“ (მარკ ტვენის მიხედვით) და სხვ.
ვინაიდან თეატრი რკინიგზელთა დრამ. წრის ბაზაზე შეიქმნა, პირველი მსახიობები იყვნენ მოყვარული რკინიგზელები. ნ. მარშაკმა მოკლე ხანში თეატრში თავი მოუყარა ნიჭიერ ახალგაზრდებს: პოეტ ბ. ოკუჯავას, მსახიობ ვ. ბებუთოვს (შემდგომში აზერბ. ოპერისა და ბალეტის აკად. თეატრის მთ. რეჟისორი), მ. ხუციევს, ლ. კულიჯანოვს და გ. ტოვსტონოგოვს, რ-მაც თავისი პირველი ნაბიჯები ამ თეატრში გადადგა. აქვე დაიწყო მოღვაწეობა ე. ლებედევმაც. 1936 ამ თეატრის ბაზაზე გაჩნდა თოჯინების რუს. თეატრი (ხელმძღვ. ა. ენგელგარტი, 1972-იდან – ვ. სმირნოვა). 1935 მოზარდ მაყურებელთა რუს. თეატრის ინიციატივით შეიქმნა პირველი საბავშვო რკინიგზა, რ-იც დღემდე ფუნქციონირებს მუშთაიდის ბაღში.
XX ს. 40-იან წლებში თეატრში მივიდნენ ახალგაზრდა რეჟისორები: მ. გიჟიმყრელი, ვ. ვოლგუსტი, რ. შაფთოშვილი. სხვადასხვა დროს თეატრს ხელმძღვანელობდნენ ი. გვანჩიძე, მ. ოლშანსკაია, თ. აბაშიძე, ლ. მირცხულავა, ნ. ჯანდიერი. ამ უკანასკნელის მოღვაწეობის პერიოდში (1973–98) თეატრი ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედებით ლაბორატორიად გადაიქცა. პირველი სპექტაკლები განახორციელეს რეჟისორებმა: გ. მარგველაშვილმა, ლ. წულაძემ, დ. საყვარელიძემ, მხატვარმა შ. გლურჯიძემ, კომპოზიტორმა ვ. კახიძემ. 1987–2007 თეატრის მთ. რეჟისორი იყო გ. კიტია, რ-მაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თეატრის განვითარებაში. ბავშვების დაინტერესების მიზნით თეატრში ფუნქციონირებდა სხვადასხვა მხატვრული წრე, გამოსცემდნენ ყოველთვიურ გაზეთს („ოქტომბრის შვილები“) და სხვ. 1999 თბილ. მოზარდ მაყურებელთა რუს. და ქართ. თეატრები გაერთიანდა და ნ. დუმბაძის სახელი მიენიჭა.
ა. მირიანაშვილი