მოვსეს ხორენაცი

მოვსეს ხორენაცი, მოსე ხორენელი, V–VI სს. დასაწყისის სომეხი ისტორიკოსი. აღსანიშნავია მისი „სომხეთის ისტორია“, სადაც თხრობა იწყება ლეგენდარული ეთნარქი ჰაიკიდან (ჰაოსიდან) და გრძელდება 428-მდე. ეს იყო სომხეთის გაბმული ისტორიის დაწერის პირველი მცდელობა. მ. ხ-მა ნაშრომში თავი მოუყარა ზეპირ, წერილობით, ეროვნ. და უცხოურ წყაროებს. პირველმა გამოიყენა ძვ. სომხ. ეპოსი; თეორ. მსჯელობითა და მეთოდოლოგიით დიდად გაუსწრო იმდროინდელ სომეხ ისტორიკოსებს, რისთვისაც მას „სომხეთის ისტორიის მამა“ უწოდეს, მის ნაშრომს კი – სომეხთა „ეროვნული სახარება“.

მ. ხ-ის თხზულებაში საყურადღებო ცნობებია საქართველოს შესახებ. მასში მოთხრობილია ქართველთა შორის კერპთაყვანისმცემლობის გავრცელებაზე, ქართლის სეფეწულთა, გუგარეთის (ანუ ქვემო ქართლის) საპიტიახშოსა და ბაგრატიონების წარმოშობის, ქართლის მეფე მირიანის, წმ. ნინოსა და ქართლში ქრისტიანობის გავრცელების, არშუშა პიტიახშის, არჩილ მეფისა და სხვათა შესახებ. როგორც ჩანს, ამ ნაშრომით უსარგებლიათ ლეონტი მროველსა და სხვა ქართვ. ისტორიკოსებს. „ისტორია“ თარგმნილია რუს. და სხვა უცხ. ენებზე. არსებულა ძვ. ქართ. თარგმანიც.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; Джанашиа С. Н., Критике Моисея Хоренского, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1937, ნაკვ. 6; Мкрян М. М., Мовсес Хоренаци, Ер., 1969.

გ. მაისურაძე