მოვსეს კალანკატვაცი (დასღურანცი), მოსე კალანკატუელი, X ს. სომეხი ისტორიკოსი, „ალვანთა ისტორიის“ ავტორი. მკვლევართა ერთი ნაწილი მ. კ-ს VII ს. მოღვაწედ თვლის; ზოგიერთი მოსაზრებით, მ. კ. და მოვსეს დასღურანცი სხვადასხვა დროის ისტორიკოსები არიან: პირველი მოღვაწეობდა VII ს-ში და „ალვანთა ისტორიის“ იმ ნაწილის ავტორია, სადაც მოთხრობილია ამბები უძველესი დროიდან VII ს-მდე, მეორე კი X ს-ში ცხოვრობდა და ამ ისტორიის გამგრძელებელი და რედაქტორია. „ალვანთ ისტორიაში“, საკუთრივ კავკ. ალბანეთის გარდა, საყურადღებო ცნობებია დაცული ხაზარებისა და ჰუნების შემოსევების, ბიზანტიის იმპ. ჰერაკლეს, სპარსეთის მეფე ხოსროს ომებზე. ნაშრომში დაწვრილებითაა აღწერილი ბიზანტიელებისა და ხაზარების მიერ 627–628 თბილისის ალყისა და აღების ამბები. ხაზარებს სხვა სიმდიდრესთან ერთად თბილისიდან წაუღიათ შესანიშნავად ნაკეთები „ჭიქებ-სასმისები ვერცხლისა ოქროთი მოვარაყებული, უთვალავი ოქროსა და ვერცხლის ტალანტები, ნაძარცვ განძეულთა სკივრების გროვები და ზვინები, მარგალიტებით მოოჭვილი საეკლესიო ჭურჭელი“. ნაშრომში აგრეთვე დაცულია მასალები სომეხ-ქართველთა საეკლ. განხეთქილების შესახებ და სხვ. მნიშვნელოვანია ცნობა რუსთა ლაშქრობისა სამხ. კავკასიაში (943).
თხზ.: ალვანთა ქვეყნის ისტორია, ლ. დავლიანიძე-ტატიშვილის გამოც., საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები, ტ. 18., თბ., 1985.
ლიტ.: დავლიანიძე ლ., ხაზართა ლაშქრობა თბილისსა და ალბანეთში, მოსე კალანკატუელის „ალბანეთის ისტორიის“ მიხედვით, „ქართული წყაროთმცოდნეობა“, 1965, [ტ.] 1; მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941; მისივე, საქართველოს ისტორიის წერილობითი წყაროების პუბლიკაციები, კატალოგი [ტ.] 1, თბ., 1949; Абегян М., Х., История древнеармянской литературы [пер. с арм], Ер., 1975.
გ. მაისურაძე