მოდი

მოდი, ძველი ებრაული საწყაო. ფართოდ იყო გავრცელებული ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ქართ. წერილობით წყაროებში დამოწმებულია გიორგი ათონელის თხზულებაში „ცხოვრებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთჳმესი“ (XI ს.). მ. იხსენიება „ათონის აღაპებსა“ და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში XIII ს-მდე. მოგვიანებით დას. საქართველოში იხმარებოდა მიწის სარგებლობისათვის (ე. წ. „სამოდო მიწა“) დაწესებული გადასახადის („მოდი“) აღსანიშნავად და მოსავლის მეათედით განისაზღვრებოდა. ს.-ს. ორბელიანთან მ-ის შესატყვისია ჩანახი. უდრიდა დაახლ. 8 კგ.

ლიტ.: სოსელია ო., მასალები აგრარული ურთიერთობის ისტორიისათვის გვიანფეოდალურ საქართველოში, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1954, ნაკვ. 31; ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX–XIX სს.), თბ., 1973.

გ. ჯაფარიძე