მოდამნახეს ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმ. საქართველოში, ქვემო ქართლში, მდ. ქციის მარჯვ. კლდოვან ნაპირზე, კარწახისხევისა და მდ. ქციის შესაყართან. მ. ც. თრიალეთისა და ქციის ხრამის ქვეყანათა საზღვრის გზასაყარზე აგებული სიმაგრეა, რ-იც აკონტროლებდა თრიალეთისკენ ქციაზე მიმავალ გზას, ასევე ბილიკებს გომარეთისა და კლდეისისაკენ. ციხის მახლობლად იყო ამავე სახელწოდების სოფელი. XVI ს-ში ნასოფლარი საგერმანოზიშვილოში შედიოდა და ფარიშატ და გიორგი ბარათაშვილების საკუთრება იყო.
მ. ც. კარგადაა შემორჩენილი. მისი ფართობია 15 მ X 30 მ. ციხეს ზღუდავს გალავანი რ-ის სიმაღლე ზოგან 10 მ-მდე აღწევს. აქვს 5 ნახევარწრიული ბურჯი, ოთხკუთხა და მრგვალი კოშკები. შესასვლელი სამხრ. მხარესაა, სამზერები – აღმ. და სამხრ-კენ, გვხვდება სათოფურებიც (გვიანი შეკეთების კვალი). სამხრ.-აღმ. კუთხეში პატარა საყდრის ნაშთია. ეზოში არის შიგნიდან ამოლესილი მოზრდილი წყალსაცავი და სხვა შენობათა ნაშთები. სართულებს შორის გადახურვისთვის კედლებში დატოვებულია ბუდეები ხის ძელების დასამაგრებლად.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 4, თბ., 1972.
ლიტ.: გამყრელიძე გ., მინდორაშვილი დ., კვაჭაძე მ., ბრაგვაძე ზ., ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013.
დ. ბერძენიშვილი