მოგზაურობანი ლიტერატურაში, მხატვრული ლიტერატურის ჟანრი, აგრეთვე სამეცნ. ლიტ-რის სახეობა; ნაწარმოებები, რ-ებშიც მოთხრობილია ნამდვილი ან არანამდვილი მოგზაურობის შესახებ. მ-ს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ამ ჟანრის წინამორბედებად შეიძლება მივიჩნიოთ ძვ. ბერძენი ლოგოგრაფოსები (პროზის მწერლები), რ-ებმაც დაიწყეს მოგზაურთა ნანახისა და გაგონილის, მათი მონათხრობების ჩაწერა (ჰეკატეოს მილეტელი, ჰალიკარნას მიტილენედი, სკილაქსი). საყოველთაოდ ცნობილია დ. დეფოს, ჯ. სვიფტის, ფ. კუპერის, მაინ რიდის, რ. სტივენსონის, მ. ტვენის, ს. ცვაიგის, ა. რადიშჩევის, ნ. კარამზინისა და სხვათა მოგზაურული ჟანრის ნაწარმოებები. ქართ. ლიტ-რაში ამ ჟანრის თვალსაჩინო ნიმუშებია ს.-ს. ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, ტ. გაბაშვილის „მიმოსლვა“, რ. დანიბეგაშვილის „მოგზაურობა ინდოეთში“, გ. ავალიშვილის „მგზავრობა თბილისით იერუსალიმისადმი...“, ი. ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“, გ. ორბელიანის „მგზავრობა ჩემი ტფილისიდან პეტერბურღამდის“, გ. წერეთლის „მგზავრის წიგნი, ანუ ჩიკოლიკი, კიკოლიკი და კუდაბზიკა“, ი. აბაშიძის „ამერიკა თვალის ერთი გადავლებით“, ა. ქიქოძის „ინდოეთის დღიური“ და სხვ.