„მოგზაური“, ქართული ყოველთვიური ისტორიულ-არქეოლოგიური და გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული ილუსტრირებული ჟურნალი; გამოდიოდა 1901–04 თბილისში. რედ.-გამომცემელი – ი. როსტომაშვილი. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ ზ. ჭიჭინაძე, ს. ქვარიანი, ი. ფერაძე, ი. ჯანაშვილი, თ. სახოკია, ნ. ხიზანიშვილი (ურბნელი), ა. ხახანაშვილი, კ. გვარამაძე და სხვ. დამატების სახით გამოსცემდა „მოგზაურის პრემიას“, ყურადღებას ამახვილებდა ხალხ. წეს-ჩვეულებების და ზეპირსიტყვიერების მასალების შესწავლაზე.
2. „მ.“ ქართველი სოც.-დემოკრატების ყოველკვირეული ლეგალური ჟურნალი; გამოდიოდა თბილისში 1905 წ. იანვრიდან ოქტომბრამდე, 20 ნოემბრამდე კი – არალეგალურად. რედ.-გამომცემელი – ი. როსტომაშვილი (ფაქტობრივი რედ. – ფ. მახარაძე). ჟურნალში იბეჭდებოდა როგორც ბოლშევიკების, ისე მენშევიკების პუბლიკაციები. ბოლშევიკები აშუქებდნენ 1905 რევ. მოვლენებს, მუშათა და გლეხთა მობილიზების საკითხებს, მისი მეშვეობით ახერხებდნენ ბოლშევიკური იდეების პროპაგანდას და ცდილობდნენ „მ-ის“ ბოლშევიკურ ორგანოდ გადაქცევას, მაგრამ ეს არ მოხერხდა. „მ-თან“ თანამშრომლობდნენ ა. წულუკიძე, ფ. მახარაძე, ი. გომართელი, ნ. აზიანი, ი. ევდოშვილი და სხვ.
ი. ლორთქიფანიძე