მოგვი

მოგვი, ზოროასტრული რელიგიის მღვდელმსახური, ცეცხლმსახურთა ქურუმი, რომელსაც მღვდელმსახურების განსაკუთრებული უფლება ჰქონდა. მათი უმაღლესი ღვთაება აჰურამაზდა იყო (იხ. ზოროასტრიზმი). მცხეთაში მ-თა არსებობის კვალი შემონახულია ტოპონიმში „მოგუთა“, მთიელთა ყოფაში არსებული საკულტო ტერმინი „დასტური“ კი მომდინარეობს დასტობარიდან (მაზდეანთა მოძღვარი). სახარების მიხედვით (მათე 2.1–12) იესო ქრისტეს შობა პირველად აღმოსავლელ მ-ებს (მელქიორი, ბალთაზარი და გასპარი) ეუწყათ უცხო ვარსკვლავის მეშვეობით. ისინი ჩავიდნენ ბეთლემში და ახალშობილ ყრმას მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური.

ზ. ეკალაძე