მობიდანი, ქართლის ეპისკოპოსი V ს. 30-იანი წწ. ბოლოს. ვახტანგ გორგასლის „ცხოვრების“ ავტორის ცნობით, მოღვაწეობდა არჩილ მეფის (402–426) დროს. იგივე ავტორი თვლის, რომ მ. იყო „ნათესავად სპარსი“, „ვინმე მოგჳ უსჯული და შემშლელი წესთა“, რაც ვერ შეუმჩნევია არჩილ მეფეს და მის ძეს, მირდატს, რადგან „აჩუენებდა იგი მართლმადიდებლობასა“. მ. მეფისა და ერის შიშით თავის სჯულს ვერ აცხადებდა და „ფარულად წერდა წიგნებსა ყოველისა საცთურებისასა“ (ეს წიგნები შემდგომ ეპისკოპოსმა მიქაელ I-მა დაწვა).
მ-ის ასეთ ურჯულოებას დაერთო ქართლ-ალბანეთის მარზპანის, ბარზაბოდის მიერ ქართლში მოგვებისა და მათი ეპისკოპოსის გამოგზავნა, რის შედეგადაც ქართლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მოექცა ცეცხლთაყვანისმცემლობაზე.
ქართ. ისტორიოგრაფიაში მ. მანიქეიზმის ფარულ მიმდევრადაა მიჩნეული, მაგრამ „ქართლის ცხოვრების“ ძველ სომხურ თარგმანში იგი „მუშიდად“ იწოდება და ნათქვამია, რომ ფარულად ეწეოდა მოგვობას. მუშიდი, როგორც თ. ჟორდანია ვარაუდობდა, ცეცხლთაყვანისმცემელთა ეპისკოპოსი იყო, ხოლო „მობიდანი“ („მობედი“) – მისი ტიტული.
წყარო: ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება, ტ. 1, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1955.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).
ვ. გოილაძე