„მნათობი“, ყოველთვიური ლიტერატურულ-მხატვრული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი. საქართვ. მწერალთა კავშირის ორგანო. გამოდიოდა 1924–2007 თბილისში. სხვადასხვა დროს რედაქტორად მუშაობდნენ ლ. ქართველიშვილი, მ. კახიანი, ვ. ბახტაძე, ბ. ყურულაშვილი, შ. რადიანი, ა. მირცხულავა, ი. აბაშიძე, ს. ჩიქოვანი, გ. აბაშიძე, ე. მაღრაძე, გ. ნატროშვილი, ა. სულაკაური. ეს გამოცემა იყო ჟურნ. „შვიდი მნათობის“ (1919 გამოიცემოდა თბილისში დ. და პ. კაკაბაძეების თაოსნობით) გაგრძელება. ბოლშევიკებმა ამ სახელწოდებაში საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის სიმბოლო ამოიცნეს, ამიტომაც ჟურნალს სიტყვა „შვიდი“ ჩამოაშორეს და „მნათობი“ დატოვეს. ჟურნალში სისტემატურად შუქდებოდა საქართვ. სამეურნეო-პოლიტ. და სამეცნ. საკითხები და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბჭ. პერიოდის ქართ. კულტურის განვითარებაში. გამომცემელი იყო „განსახკომის“ პოლიტგანათლების სამმართველო (1927-მდე), „სახელგამი“ (1927-იდან). ჟურნალი აქტიურად იბრძოდა ქართ. ენისა და ლიტ-რის განვითარებისთვის.
ეროვნ. ბიბლიოთეკის რესურსებით „მ“ ელექტრონულ ფორმატში გადაიყვანეს და ციფრული ბ-კა „ივერიელში“ განათავსეს.