მმართველობის ფორმები

მმართველობის ფორმები, სახელმწიფო მმართველობის ფორმა ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა მოწყობის შესახებ. მ. ფ. ასახავს ხელისუფლების განაწილების წესსა და უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

თანამედროვე სახელმწიფოთა უმეტესობის მმართველობის ფორმაა რესპუბლიკა, ასევე გვხდება მონარქიები, მონარქის შეზღუდული ან აბსოლუტური ძალაუფლებით. რესპუბლიკაში ხელისუფლების ორგანოებს გარკვეული ვადით ირჩევს ამომრჩეველთა უმრავლესობა. რესპუბლიკა ემყარება ხელისუფლების განაწილების პრინციპს: გამიჯნულია საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები. ამ შტოებს შორის განაწილებული ძალაუფლების მიხედვით რესპუბლიკა შეიძლება იყოს საპრეზიდენტო, საპარლამენტო და შერეული მოდელის.

საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი უმეტესად ხალხის მიერ პირდაპირი წესით აირჩევა. იგი არის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური. ასევე არჩევნების გზით ყალიბდება საკანონმდებლო ორგანო. აღმასრულებელ ხელისუფლებას მინისტრთა კაბინეტის მეშვეობით ახორციელებს პრეზიდენტი. მინისტრები პრეზიდენტის მრჩევლებს წარმოადგენენ და დამოუკიდებლად არ გამოსცემენ ნორმატიულ აქტებს. კაბინეტი პასუხისმგებელია პრეზიდენტის წინაშე. პრეზიდენტი თანამდებობაზე რჩება საარჩევნო ვადით, ვადამდე მისი შეცვლა შეიძლება იმპიჩმენტის გზით. პრეზიდენტი ხელს აწერს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ კანონპროექტს, აქვს ვეტოს უფლება, თუმცა პარლამენტს შეუძლია მისი დაძლევა. საპრეზიდენტო რესპუბლიკის გამოკვეთილი მოდელი წარმოდგენილია აშშ-ში.

საპარლამენტო მმართველობა ისტორიულად მონარქის ძალაუფლების შესუსტების ხარჯზე ჩამოყალიბდა. საპარლამენტო რესპუბლიკაში ხელისუფლების განმახორციელებელი ძირითადი ორგანოა პარლამენტი – ერთადერთი საკანონმდებლო და არჩევითი ორგანო, რ-იც აყალიბებს მთავრობას ან ნდობას უცხადებს მას და ირჩევს პრეზიდენტს. მთავრობა პოლიტიკურად პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. ზოგიერთ საპარლამენტო მოდელში პრეზიდენტი ხალხის მიერ აირჩევა. ფორმალურად პრეზიდენტს ფართო უფლებამოსილება აქვს, თუმცა მისი აქტები საჭიროებს კონტრასიგნაციას. კონტრასიგნაციით ამ აქტებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. პრეზიდენტი სახელმწიფოს ერთიანობისა და წარმომადგენლობის სიმბოლოა. მას არ აქვს კანონებზე ვეტოს დადების უფლება ან ეს უფლება მხოლოდ ფორმალურია. პრეზიდენტს აქვს შეწყალების, დაჯილდოების უფლება.

შერეული, ნახევრად საპრეზიდენტო მოდელის ზოგიერთ ფორმაში გამოკვეთილია პარლამენტის, ზოგიერთთან – პრეზიდენტის როლი. აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰყავს ორი მეთაური: პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. პარლამენტის წინაშე პასუხისმგებელია მთავრობა.

მონარქიულ ფორმებში განარჩევენ აბსოლუტურ, კონსტიტუციურ (საპარლამენტო) და თეოკრატიულ მონარქიებს. აბსოლუტურ მონარქიაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მხოლოდ მონარქის ხელშია, იგი აღჭურვილია აბსოლუტური ძალაუფლებით. კონსტიტუციურ მონარქიაში მონარქი სახელმწიფოს მეთაურია, მაგრამ სიმბოლური ძალაუფლებით. პარლამენტი აყალიბებს მთავრობას, რ-იც პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. მონარქის აქტები საჭიროებს კონტრასიგნაციას და მათზე პოლიტ. პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. მონარქს აქვს ვეტოს უფლება, თუმცა ამ უფლებასაც ფორმალური მნიშვნელობა აქვს. თეოკრატიული მონარქიის შემთხვევაში ხელისუფლებას რელიგიური ნორმების დაცვით და ღმერთის სახელით ახორციელებს რელიგიური ლიდერი.

თანამედროვე საქართვ. მმართველობის ფორმას განსაზღვრავს საქართვ. 1995 წ. კონსტიტუცია, რ-იც რამდენჯერმე შეიცვალა, ბოლო მასშტაბური ცვლილებები მასში განხორციელდა 2017–18.

საქართვ. კონსტიტუციის ამჟამინდელი რედაქციით, ქვეყანაში ჩამოყალიბდა მმართველობის საპარლამენტო მოდელი, თუმცა ორპალატიანი პარლამენტი ჯერ კიდევ ვერ შეიქმნა. საქართვ. პარლამენტი, რ-იც შედგება პირდაპირი არჩევნების გზით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 150 წევრისგან, არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. ის ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას. საქართვ. მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რ-იც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

საქართვ. პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგიის მიერ, რ-ის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მ. შ. საქართვ. პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის არ-ების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი.

საქართვ. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნ. დამოუკიდებლობის გარანტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში.

ი. უჯმაჯურიძე