მკრტჩიანი ფრუნზე (ფრუნზიკ, მჰერ) მუშეგის ძე [(4. VII. 1930, ლენინაკანი (ახლანდ. გიუმრი), – 29. XII.1993, ერევანი], თეატრისა და კინოს მსახიობი. სსრკ (1984), სომხეთის (1971), საქართვ. (1980) სახ. არტისტი, სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1978). 1945–46 სწავლობდა ლენინაკანის ვ. აჩემიანის სახ. სახელმწ. დრამ. თეატრთან არსებულ სტუდიაში, 1951–56 – ერევნის სახელმწ. სახვ. ხელოვნ. და თეატრის ინ-ტში. 1956-იდან იყო გ. სუნდუკიანის სახ. ეროვნ. აკად. თეატრის მსახიობი, რეჟისორი. 1986 ჩამოაყალიბა საკუთარი თეატრი (ამჟამად ერევნის მ. მკრტჩიანის სახ. თეატრი).
1969 რეჟ. გ. დანელიამ მ. მიიწვია ტუსაღის ეპიზოდურ როლზე ფილმში „არ იდარდო“, შემდეგ, კი – ფილმ „მიმინოში“ რუბიკ ხაჩიკიანის როლზე (1977; სსრკ სახელმწ. პრემია).
მ-ის მოღვაწეობის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმები, 2006 გამოიცა მ-ისადმი მიძღვნილი სომხური საფოსტო მარკა. დილიჯანსა (2011; მოქანდაკე ა. ვარდანიანი) და თბილისში (2011; მოქანდაკე ზ. წერეთელი) დაიდგა ფილმ „მიმინოს“ გმირების სკულპტურული კომპოზიცია. ქ. გიუმრიში, სახელმწ. დრამ. თეატრის შენობის წინ ასევე დგას მისი ქანდაკება.
ნ. ბლიაძე