მკლავჭიდი, არმრესლინგი (ინგლ. Arm – მკლავი, Wrestling – პაექრობა, ბრძოლა), სპორტული ორთაბრძოლის სახეობა. მონაწილეთა მიზანია მეტოქისთვის მკლავის გადაწევა. პირისპირ დამსხდარი სპორტსმენები სალტეებით გადაიბამენ მკლავებს (მარჯვენას ან მარცხენას) და მაგიდას დაყრდნობილები მსაჯის ნიშანზე იწყებენ ერთმანეთისათვის მკლავის გადაწევას. იმარჯვებს ის, ვინც მეტოქის მტევანს მაგიდის ზედაპირს შეახებს. მ. ცნობილია უძველესი დროიდან. ეგვიპტეში, მერერუკში, საქარის აკლდამაში (ძვ. წ. 2400) აღმოჩენილ რელიეფზე გამოსახულია ორი მამაკაცის შეჯიბრება მ-ში. თანამედროვე სპორტული მ-ის ისტორია იწყება ბობ ო’ლირის მიერ მ-ის მსოფლიო ფედერაციის (WAF) დაარსებიდან (1967), რ-იც XXI ს. დამდეგს 80-ზე მეტ წევრ ქვეყანას ითვლის. 1979-იდან ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი. ასპარეზობა იმართება სამ წონით კატეგორიაში: 75 კგ-მდე, 90 კგ-მდე და 90 კგ ზევით.
საქართველოში მკლავჭიდელთა პირველი შეჯიბრება გაიმართა 1989 თსუ-ში ვ. მუსელიანის ინიციატივით, რ-მაც შემდგომ ჩამოაყალიბა საქართვ. ნაკრები და მ-ის ფედერაცია (მსოფლიოს ფედერაციის წევრი 1991-იდან). ქართვ. მკლავჭიდელებისთვის პირველი საერთაშ. შეჯიბრება იყო მოსკოვის 1990 ღია ჩემპიონატი. ოქროს მედლები აიღეს ე. გურჩიანმა და ზ. ცხადაძემ. შეჯიბრებას ესწრებოდა მ-ის საერთაშ. ფედერაციის პრეზიდენტი, ამერ. ბ. სობერანისი, რ-მაც ქართველთა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე მიიწვია. ქართვ. მკლავჭიდელებს უმთავრეს საერთაშ. ტურნირებში მოპოვებული აქვთ 200-მდე მედალი. მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონები არიან ე. გურჩიანი, ზ. ცხადაძე, დ. ჭელიძე, ვ. ჯავახაძე, ჯ. მერაბიშვილი, ვ. სამხარაძე, ი. დურგლიშვილი, ი. ჯინჭარაული, ლ. საგინაშვილი და სხვ. 2011 მსოფლიო მ-ის საერთაშ. ფედერციის ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა პლანეტის ყველა დროის უძლიერესი 50 მკლავჭიდელი, რ-თა შორის სამი ქართველი სპორტსმენიც მოხვდა (ე. გურჩიანი – მე-19, ზ. ცხადაძე – 44-ე, ვ. ჯავახაძე – 47-ე). განსაკუთრებით აღსანიშნავია ლ. საგინაშვილის წარმატება, რ-იც გახდა შვიდგზის მსოფლიოს და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი, ასევე ორგზის „მაგიდის მეფე“, მას მეტსახელად „ქართველი ჰალკი“ შეარქვეს.