მკვლელობა

მკვლელობა სხვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მართლსაწინააღმდეგო, განზრახ ან განზრახვის გარეშე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, ყველას აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. ადამიანის სიცოცხლე დაცულია საქართვ. მოქმედი კონსტიტუციით. მ-ისთვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან საქართველოში სიკვდილით დასჯა აკრძალულია.

სამართლის განვითარების ადრეულ ეტაპზე მ. კერძო ხასიათის სამართალდარღვევად განიხილებოდა და მისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას ქონებრივი ხასიათი ჰქონდა. ჩვეულებით სამართალში თავდაპირველად მოქმედებდა მხოლოდ ობიექტური შერაცხვის პრინციპი, მნიშვნელობა არ ჰქონდა მ. განზრახ იყო ჩადენილი თუ განზრახვის გარეშე სხვადასხვა გარემოებაში, დანაშაულისთვის პირს ერთგვაროვანი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. მოგვიანებით მ-თვის პასუხისმგებლობის დაკისრებისას სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებაც დაიწყეს. მაგ., აჭარაში მრუშობის შემთხვევაში ქმრის მიერ ცოლის საყვარლის ან ქურდის მ-ს პასუხისმგელობა არ მოჰყვებოდა. ხევში განზრახ მ-თვის გადასახადი მეტი იყო, უნებლიე მ-თვის – ნაკლები. გურიაში განზრახ, ანუ „ინტერესით“, „განგებ“ მ. უფრო მკაცრად ისჯებოდა, ვიდრე უნებლიე („მარცხი“, „უცაბედი“). სამეგრელოში განასხვავებდნენ „განძრახოს“ და „ფათერაკს“, ასევე ფათერაკის შემთხვევას გაუფრთხილებლობისგან (გაფრთხილების შემთხვევაში შეიძლებოდა შედეგის თავიდან აცილება).

საქართვ. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია მართლსაწინააღმდეგოდ ჩადენილი განზრახ მ. ამ დანაშაულს კოდექსში 2 მუხლი ეთმობა. 108-ე მუხლში აღწერილია მარტივი მ., 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი განსაკუთრებით საშიშ და მძიმე მ-ს ეხება. ამ მუხლის თითოეულ პუნქტში აღწერილია მ-ის დამამძიმებელი გარემოებები. განზრახ მ-ის ჩადენისათვის გათვალისწინებულია ყველაზე მკაცრი სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა.

მ-დ ითვლება მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი გაცნობიერებული ნების შესაბამისად ჩადენილი მ. მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით, რ-საც ევთანაზია (ეუთანაზია) ეწოდება. ევთანაზიის საკითხი საკამათოა და ეთიკურ პრობლემასთანაა დაკავშირებული. იგი აკრძალულია და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში სასჯელი გაცილებით მსუბუქია.

მ-ის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება: მ. უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში – აფექტში, მშობიარობის ან მშობიარობის შემდეგ უმალვე დედის მიერ ახალშობილის განზრახ მ., აუცილებელი მოგერიების ფარგლების, აგრეთვე დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით ჩადენილი მ.

სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით (მაგ., ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა), არა მ-დ, არამედ გაუფრთხილებელ ქმედებად კვალიფიცირდება.

ლიტ.: დავითაშვილი გ., დანაშაულთა სახეები ქართულ ჩვეულებით სამართალში, თბ., 2017; ლეკვეიშვილი მ., თოდუა ნ., მამულაშვილი გ., სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წგ. 1, გამოც. მე-4, თბ., 2011; იგივე, წგ. 2, გამოც. მე-5, თბ., 2017.

ი. უჯმაჯურიძე