მკერვალიძე ნათელა გიორგის ასული (დ. 20. VIII. 1939, თბილისი), მომღერალი, ლირიკულ-დრამატული სოპრანო. საქართვ. სახ. არტისტი (1978). 1969 დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის ვოკალური ფაკ-ტი (პედ. გ. გოგიჩაძე). იმავე წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახ. თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, 1968–69 – საქართვ. ფილარმონიის სოლისტი. მ-ის შესრულებული პარტიებიდან აღსანიშნავია მარო, ეთერი, მარიხი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ქეთო (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), ამრა (ა. ბალანჩივაძის „ოქროს ქორწილი“), მზია, თამარი (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“, „მთვარის მოტაცება“), ლელა (რ. ლაღიძის „ლელა“), მწყემსი გოგონა (ს. ცინცაძის „განდეგილი“), აიდა, დეზდემონა, ვიოლეტა, ლეონორა (ჯ. ვერდის „აიდა“, „ოტელო“, „ტრავიატა“, „ტრუბადური“), მიქაელა (ჟ. ბიზეს „კარმენი“), ტოსკა (ჯ. პუჩინის „ტოსკა“), სანტუცა (პ. მასკანის „სოფლის პატიოსნება“), სერპინა (ჯ. პერგოლეზის „მოახლე-ქალბატონი“), ელზა, სენტა (რ. ვაგნერის „ლოენგრინი“, „მფრინავი ჰოლანდიელი“), ტატიანა, იოლანტა, ლიზა (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“, „პიკის ქალი“). მან პირველმა შეასრულა ს. ცინცაძის ვოკალურ-ინსტრუმენტული კანტატა „დიდების გზა“ (1976).
მ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).
ლიტ.: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015; წიგნი ღირსებისა, ტ. 5, თბ., 2003.
თ. დოლიძე