მკერდაობა

მკერდაობა, უძველესი ქართული ცხენოსნური თამაში. 6 X 12 ზომის საბრძოლო მოედნის შუაში გავლებული ხაზის ორივე მხარეს დგებოდნენ ხაზის მონაწილე მხედრები 20–25 დაშორებით. შუა ხაზთან შემოსული ორი მხედარი მსაჯის ნიშანზე ცხენებს ერთმანეთს დააძგერებდა. გამარჯვებულად ითვლებოდა ის ცხენ-მხედარი, რ-იც მოწინააღმდეგეს უკუაქცევდა და მოედნის გარეთ გაიყვანდა. თუ ცხენი მოედანზე წაიქცეოდა, წამქცევს ქულა ემატებოდა, ცხენიდან ჩამოვარდნილ მხედარს კი აკლდებოდა. თამაში გრძელდებოდა 5 წუთს. ბრძოლაში აკრძალული იყო მეტოქისთვის ხელისა და ფეხის კვრა, მათრახის ხმარება კი – ნებადართული. აღწერილია მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანში". ამ ხერხით იბრძოდა უიარაღოდ დარჩენილი მოხუცი ლუარსაბ მეფე გარისის ბრძოლაში.

მ. ეწოდებოდა ასევე ქართ. ჭიდაობის განსაკუთრებულ სახეობას – მოწინააღმდეგენი უხელოდ ან ცალი ხელით ერკინებოდნენ ერთმანეთს. მ-ში მოპაექრენი ორივე ხელს უკან იწყობდნენ, რაც წინიდან ყოველგვარ ჩავლებას გამორიცხავდა. მთავარი ყურადღება გადატანილი იყო ფეხებისა და ტანის მეშვეობით ილეთის ჩატარებაზე. მ-ს მიმართავდნენ ბორკილდადებული ტყვეები და დაჭრილი მებრძოლები.

ლიტ.: ჭუმბურიძე კ., ქართული სპორტის ტრადიციული სახეობები და თამაშობები, თბ., 2023.