მიჰრავანი (მიჰრის ვანი, მიჰრანთა დასახლება), ალბანეთში, გარდმანის გავარის უკიდურეს დას. ნაწილში არსებული ადგილის სახელი, რ-საც იხსენიებს VII ს. სომეხი ავტორი მოვსეს კალანკატვაცი „ალვანთა ქვეყნის ისტორიაში". მისი ცნობით, ირანის შაჰის, ხოსრო II-ის (591–628) ტახტზე ასვლიდან „მრავალი წლის შემდეგ" ირანიდან მისი ნათესავი მიჰრანი 30 ათას ოჯახთან ერთად გამოიქცა და გარდმანში დასახლდა. მოვსესის ცნობიდან გამომდინარე, რადგან – ალბანეთის პირველი იშხანი (მთავარი) – ვარაზ-გრიგოლი [სუმბატ დავითის ძესთან ის ვარაზ გაგელად, ხოლო მ. „ხუზაშენად" (ხუზამის ირანის პროვინციის ხუზისტანიდან გამოსული ხალხის დასახლება) იხსენიება] მიჰრანის მეექვსე თაობის წარმომადგენელი იყო, ამიტომ მოვსესის მონათხრობში „მეფეთა ცხოვრების" ცნობა ირანიდან „დიდი სპით" „მეფეთა ნათესავის" – ფეროზ მიჰრანის მოსვლის, მირიან მეფის (გ. 334) მიერ მისთვის ქალიშვილის მითხოვებისა და სამფლობელოდ „ხუნანითგან ბარდავამდე" ტერიტორიის მიცემის ამბავი უნდა იყოს ასახული. ფეროზ მიჰრანმა ამ ტერიტორიაზე – გოგარენეს აღმ. ნაწილში – მდ. ბერდუჯის (დებედა) აღმ-ით ააგო პეროჟა-კაფას (უფრო გვიან ეს ციხე ლალის, გაგისა და აღჯაყალის სახელით იწოდებოდა) ციხე. მასვე დაევალა ჩრდ. კავკასიიდან შემოსული მომთაბარეებისათვის ქართლისაკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა. ეს ციხე 369-იდან უშუალოდ ირანის ხელისუფლებამ დაიქვემდებარა.
628 შემოდგომაზე, როცა გარდაბანში ლაშქრით მდგომ ჰერაკლეს თურქთა მიერ თბილისის კალაის ციხის აღების ამბავი შეატყობინეს, სუმბატ დავითის ძის თანახმად, გარდაბნიდან „მიცვალა ლალს", „ნათელ სცა" ვარაზ გაგელსა და „ყოველსა ერსა მისსა" (ე. ი. მონათლა ირანიდან მოსული ცეცხლთაყვანისმცემლები. ნათლობის ცერემონიალი ალბანეთის კათოლიკოსმა ვირომ შეასრულა). შემდეგ „იწყო შენებად ეკლესიისა". იქიდან წავიდა ბერდუჯას, „აღმართა ჯუარი ქვისაჲ" (მიკვლეულია ახლანდ. მარნეულის მუნიციპ. სოფ. ყაჩაღანის მახლობლად), დადო საფუძველი „წმიდისა ღვთისმშობლის ეკლესიისა და აღასრულა გუმბათი მისი". ბერდუჯში (ცურტავში), როგორც ჩანს, ცეცხლთაყვანისმცემელი მოსახლეობა არ ცხოვრობდა. „მეფეთა ცხოვრების" ცნობიდან გამომდინარე, ბერდუჯი გოგარენეს ერთი ნაწილის, კერძოდ „სამშვილდითგან მიღმართ ქუეყანანი ვიდრე თავადმდე აბოცისა" ცენტრი იყო. ბაკურ მირიანის ძემ 338 ეს ტერიტორია ფეროზ მიჰრანს მირიან მეფის მიერ გადაცემული სამფლობელოს სანაცვლოდ უბოძა. ასე გახდა ქვემო ქართლის ეს ნაწილი ფეროზ მიჰრანის შთამომავალთა (მ. შ. ვარსქენის) სამფლობელო ცენტრით ცურტავში.
ვ. გოილაძე