მიხეილი (ჰამუთ-ბეი) შარვაშიძე (1808 – 16. IV. 1866, ვორონეჟი), აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი 1823–64. გიორგი (საფარ ალი-ბეგ) შარვაშიძის (1810–21) და კაცია II დადიანის ასულის, თამარის მეორე ვაჟი. კავკასიური ტრადიციით, უბიხების წინამძღოლთან, ჰაჯი ისმაილ დაგუმოყვა ბარზეგთან იზრდებოდა. უფროსი ძმის დიმიტრი (ომარ-ბეი) შარვაშიძის გარდაცვალების (1822) შემდეგ, 1823 წ. 14 თებერვალს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის ბრძანებით, მაიორის წოდება მიენიჭა და აფხაზეთის მთავრად დაინიშნა. აფხაზთა 1824 ანტირუსული, ანტიკოლონიური აჯანყების შედეგად იძულებული გახდა აფხაზეთი დაეტოვებინა და სამეგრელოში, შემდეგ კი თბილისში გადასულიყო საცხოვრებლად. აქ დაეუფლა რუსულ ენას, ხოლო ქართული ოჯახში შეისწავლა. 1827 სამეგრელოს მთავრის ლევან V დადიანისა და რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერით დაბრუნდა აფხაზეთში. ამ დროიდან სამთავროს რუსეთის ხელისუფლებასთან სრული თანხმობით მართავდა. იყო პოლკოვნიკი (1830), გენ.-მაიორი (1837), გენ.-ლეიტენანტი (1845), გენ.-ადიუტანტი (1849). დიდი დახმარება გაუწია რუსეთის ხელისუფლებას მთის აფხაზური თემების – წებელდის, დალის, ფსხუს დამორჩილებაში; რუსეთის ჯარის ნაწილებთან ერთად მონაწილეობდა დას. კავკასიის მთიელთა (ჯიქები და უბიხები) წინააღმდეგ სამხ. ექსპედიციებში. მუდმივი უთანხმოება ჰქონდა ოდიშის (სამეგრელოს) მთავართან სამურზაყანოს მფლობელობის გამო. 1840 სამურზაყანოში რუს. მმართველობის შემოღებამ და დადიანისათვის ფულადი კომპენსაციის მიცემამ, აგრეთვე რუსეთის ხელისუფლების მიერ მისი ხელისუფლების შეზღუდვის დაწყებამ მ. განსაკუთრებით გაანაწყენა, რის გამოც 1847 ნოემბერს პროტესტის ნიშნად მთავრის უფლებებზე უარი თქვა, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა. ყირიმის ომის (1853–56) დროს დიდი დახმარება გაუწია რუსეთის სარდლობას აფხაზეთიდან ჯარების უდანაკარგოდ გაყვანაში. თურქების მიერ აფხაზეთის დაკავების შემდეგ, სამეგრელოში, ცოლის ნათესავებთან ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ უკან დაბრუნდა. ეს ფაქტი რუს. ხელისუფლებამ მ-ს 1856 გაუხსენა, და ომის დროს ოსმალეთთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი. კავკასიის ომის დამთავრების (1864 მაისი) შემდეგ, იმავე წლის 24 ივნისს, კავკ. მეფისნაცვალმა ოფიციალურად აუწყა იმპერატორის ბრძანება აფხაზეთის მთავრის მოვალეობისაგან მისი გათავისუფლებისა და აფხაზეთში რუს. მმართველობის შემოღების შესახებ. 1864 წ. 12 ივლისს რუს. ხელისუფლებამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და რუსული მმართველობა შემოიღო. იმავე წლის ნოემბერში მ. სტავროპოლში, ხოლო შემდეგ ვორონეჟში გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა. დაკრძალულია მის მიერ აღდგენილ მოქვის ტაძარში.
წყარო: შარვაშიძე ბ., მემუარები, ინგლ. თარგმნა, კომენტარები, შენიშვნები, გენეალოგიური ტაბულები და საძიებლები დაურთო მ. ცერცვაძემ, თბ., 2019; Архивные документы по истории Абхазии, 1863–1881 гг., т. 1, О владетеле Абхазии, Тб., 2023.
ლიტ.: აფხაზეთი საქართველოა. ისტორიული რაკურსი, თბ., 2021; პაპასქირი ზ., ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვ. I, თბ., 2004; ხორავა ბ., აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე, თბ., 2011; ჯანაშია ს., გიორგი შარვაშიძე. კულტურულ-ისტორიული ნარკვევი, შრომები, [ტ.] 6, თბ., 1988; Дзидзария Г. А., Махаджирство и проблемы истории Абхазии XIX Столетия, Сух., 1982; Why Abkhazia is Georgia. A true history, тб., 2021.
ბ. ხორავა