ავალიანი ამირან ბუხუტის ძე (18. I. 1928. სიღნაღი, - 8. II. 1992, თბილისი), პოლიტოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, ჟურნალისტი. 1950 დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი თურქოლოგიის სპეციალობით. 1957-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტში. 1981-იდან იყო ამავე ინ-ტის სწავლული მდივანი საერთაშ. სამეცნიერო კავშირების დარგში.
ა-ის კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენდა სამხრ. საქართვ. და აჭარის ისტორია, რ-იც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. იგი, ასევე, იკვლევდა საქართვ. ურთიერთობის ისტორიის აღმოსავლეთის ქვეყნებთან.
ა-ის მეცნ. ნაშრომებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია მონოგრაფიებს „ინდოეთის რესპუბლიკა“ (1957) და „მიწისმფლობელობის ფორმები აჭარაში“ (1960).
სამეცნ. მოღვაწეობის პარალელურად ა. ეწეოდა აქტიურ საზ., ანალიტიკურ და მედიასაქმიანობას. XX ს. 70-80-იან წლებში იყო ქართ. ტელემაუწყებლობის სახე და ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური მიმომხილველი, მიჰყავდა საერთაშორისო მიმოხილვის რუბრიკა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში.