მედუზები

    მედუზები, ზღვის ნაწლავღრუიანთა  თავისუფლად მცხოვრები სქესობრივი თაობა, რ-იც წარმოიქმნება უსქესო თაობის ინდივიდების – პოლიპების დაკვირტვით. მსუსხავთა ტიპის (Cnidaria), Medusozoa-ს ქვეტიპის კლა­სების  [ჰიდროიდულთა (Hydrozoa), სციფოიდურთა (შცყპჰოზოა) და კუბოიდურთა (ჩუბოზოა)] სასიცოცხლო ციკლის ფაზა რბილსხეულიანი წყლის ცხო­ველებია. მათი ორგანიზმის 98% წყალია. სხეული შემაერთებელი ქსოვილისგან, მეზოგლეასაგან შედგება და ქოლგის ან ზარის ფორმა აქვს. ამგვარი აგებულება ხელს უწყობს რეაქტიულ მოძრაობას (კუნთების შეკუმშვისას ხდება წყლის გამოტყორცნა და გადაადგილება). როგორც ყველა ნაწლავღრუიანს აქვს პირი, ნაწლავი და კუჭი, ანალური ხვრელი არა აქვს, მის ფუნქციას პირის ხვრელი ასრულებს. პირის გარშემო განლაგებული საცეცებით, მ. მოიპოვებენ საკვებს, ამ საცეცებში მოთავსებული მსუსხავი სითხე კი ხელს უწყობს ცოცხალი საკვების მოპოვებას. სხეულის პერიმეტრზე განლაგებული სახეცვლილი საცეცები – როპალიები წარმოადგენენ გრძნობის ორგანოებს. მათზე განლაგებულია თვალაკები, რ-ებითაც ის არჩევს სინათლეს სიბნელისაგან. ზოგ კუბოიდურ მ-ს ობიექტების დანახვა შეუძლიათ. როპალიის ბოლოებში განლაგებულია სმენის აპარატი – ოტლიტები. როპალიებში აგრეთვე განლაგებულია სტასოლიტები, რ-ებიც მოძრაობით აცნობებენ მას სად უნდა ეძებონ საკვები. როპალიების ძირზე განლაგებული განგლიოზური წარმონაქმნები ნერვული სისტემის მაგივრობას უწევს. მ. გავრცელებული არიან ყველგან, როგორც არქტიკულ, ასევე ტროპიკულ ზღვებსა და ოკეანეებში, ასევე მტკნარ წყალსატევებში. ბინადრობენ წყლის ზედა ფენაშიც და 10 000 მ სიღრმეზეც. მათი უმეტესობა შეფერილია, არსებობენ უფერული ფორმებიც. სხეულის დიამეტრი 3 მმ-იდან 2,5 მ-მდე მერყეობს, საცეცები შესაძლებელია 37 მ იყოს (მედუზა ფაფარიანი ციანეა, ანუ ლომის ფაფარი). საქართველოში გავრცელებულია შავ ზღვაში.

   მ. სქესობრივი გზით მრავლდებიან. მამრები აწარმოებენ სპერმატოზოიდებს, მდედრები – კვერცხუჯრედებს, მათი შერწყმის შედეგად წარმოიქმნება ლარვალური სტადია – პლანულა, რ-იც ეშვება ფსკერზე, ემაგრება სუბს­ტრატს და წარმოქმნის პოლიპს (უსქესო სტადია), რ-ის დაკვირტვით წარმოიქმნება მედუზა (სქესობრივი სტა­დია). პოლიპისაგან ახ­ლად მომძვრალი მედუზა ძლიერ განსხვავდება ზრდასრული ორგანიზმისაგან და ეფირას სახელწოდებითაა ცნობილი. ზოგიერთი რიგის მედუზას არა აქვს პოლიპის სტადია და მხოლოდ მედუზისა და პლანულის ფაზა გააჩნიათ. მ-ები იკვებებიან მცირე ზომის უხერხემლოებით, თევზებით, ქვირითითა და სხვ., ასევე თვითონ წარმოადგენენ, თევზების, კუების და სხვ., უხერხემლოების საკვებს. მ. ვერ ეწინააღმდეგებიან ზღვის დინებებს და ამიტომ მიეკუთვნებიან პლანქტონს.

ა. ბუხნიკაშვილი