სირაძე რევაზ გიორგის ძე (3. VI. 1936, ოზურგეთი, ― 4. IX. 2012, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1976), პროფესორი (1978), საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2009).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1959). 1962–66 იყო ამავე უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტი; 1968–78 - დოცენტი; 1978-იდან - პროფესორი; 1973, ა. შანიძის შუამდგომლობით, ერთი წლით იმყოფებოდა ბულგარეთში, ბაჩკოვოში, პეტრიწონის მონასტრის ისტორიის შესასწავლად. 1988-2012 იყო სასულიერო სემინარია-აკადემიის პროფესორი; 1991-92 - სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორი, 1996-2005 - თსუ-ის ქართული ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების კათედრის დამაარსებელი და გამგე; 2008-იდან - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი; 2001-11 - შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების (ახლანდელი რუსთველოლოგიური კვლევის ცენტრის) გამგე.
რ. სირაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული თეორიულ-ლიტერატურული და ესთეტიკური აზროვნების შესწავლის საქმეში. მისმა მონოგრაფიებმა ახალ ეტაპზე აიყვანა ძველი ქართული მწერლობის, განსაკუთრებით კი ქართული აგიოგრაფიის კვლევა-ძიების საქმე; ხანგრძლივი სამეცნიერო დაკვირვების შედეგად მან გამოაქვეყნა მონოგრაფია ''წმინდა ნინოს ცხოვრება“ და დასაწყისი ქართული აგიოგრაფიისა“ (1997), რომელშიც ლიტურგიკულ-ეორტალოგიური საფუძვლების გათვალისწნებით დაადგინა, რომ უძველესი ქართული აგიოგრაფიული ნაწარმოებია „წმინდა ნინოს ცხოვრება“ - ეს შეხედულება საყოველთაოდ იქნა გაზიარებული; მანვე ქართულ სამეცნიერო სივრცეში დაამკვიდრა ტერმინი „სახისმეტყველება“. განსაკუთრებულია რ. სირაძის დამსახურება ქართველ მეცნიერთა კადრების აღზრდაშიც. ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში მან შექმნა თავისი სკოლა, კვლევის ახალი მეთოდოლოგიური საფუძვლებით.
რ. სირაძის კონცეფციის მიხედვით, სოფ. ტანძიაში 1984 დაარსდა სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი, ამ ღვაწლის გამო 2024 აირჩიეს ბოლნისის საპატიო მოქალაქედ (გარდაცვალების შემდეგ).
დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა (1998) და პრემია „საგურამოთი“ (2006).
თხზ.: ძველი ქართული თეორიულ-ლიტერატურული აზროვნების საკითხები, თბ., 1975; ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიიდან, თბ.,1978; სახისმეტყველება, თბ., 1982; ქართული აგიოგრაფია, თბ., 1987; ლიტერატურულ-ესთეტიკური ნარკვევები, თბ., 1987; ქრისტიანული კულტურა და ქართული მწერლობა, თბ.,1992; ''წმინდა ნინოს ცხოვრება“ და დასაწყისი ქართული აგიოგრაფიისა, თბ., 1997; ქართული კულტურის საფუძვლები, თბ., 2000; ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, თბ., 2005; კულტურა და სახისმტყველება, თბ., 2008; ფიქრი, რომელიც მნიშვნელობს, თბ., 2021; თხზულებათა კრებული, ტ. 1-6, თბ., 2022-23.
ლიტ.: მშვენიერების ძიებაში, რევაზ სირაძე-75 (საიუბილეო კრებ.), თბ., 2012; სიტყვა ხატადქმნილი, რევაზ სირაძე - 80, კრებ., თბ., 2016.
ს. მეტრეველი