მიქელ პარეხელი, IX ს. საეკლესიო მოღვაწე. დაიბადა სოფ. ნორგიალში (შავშეთი), დაკრძალულია პარეხთაში, მის მიერ დაარსებულ სავანეში.
მ. პ. ბერად აღიკვეცა მიძნაძორში. გარკვეული პერიოდი ოპიზის მონასტერში მოღვაწეობდა. მოგვიანებით პარეხთაში მიუვალ კლდოვან ადგილას ეკვდერი და ძმათა საცხოვრისი ააშენა და იქვე დამკვიდრდა. იგი იყო ერთ-ერთი დიდი ასკეტი და გამოირჩეოდა „სასწაულთა ქმედების“ ნიჭით. მისი კურთხევით დაარსდა ზარზმის მონასტერი (სამცხე). მ. პ-ის შესახებ ცნობები შემონახულია გრიგოლ ხანცთელისა და სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში.
საქართვ. სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მ. პ. შერაცხულია წმინდანად. მისი ხსენების დღეა 27 (9 ივნისი) მაისი.
ლიტ.: ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, ქართველი მწერალი X საუკუნისა, თბ., 1954; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; სულავა ნ., წმ. მიქაელ პარეხელი ქართულ ჰაგიოგრაფიაში, „ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები“, 2016, ტ. 10; ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი, თბ., 2003.
თ. მარგველაშვილი