მიქელ პანარეტოსი, XIV ს. II ნახ.–XV ს. I მეოთხედის ბიზანტიელი მწერალი, სავარაუდოდ, ტრაპიზონის მკვიდრი. დაახლოებული იყო ტრაპიზონის სამეფო კართან. მას ჰქონდა პროტოსევასტოსისა და პროტონოტაროსის წოდებები. ავტორია თხზ. „ტრაპიზონის ქრონიკა“, რ-შიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა გადმოცემული ტრაპიზონის სამეფოს ისტორია მისი დაარსებიდან, ანუ 1204-იდან 1426-მდე. აღნიშნულია თამარ მეფის გადამწყვეტი როლი ამ ისტ. მოვლენაში; მოთხრობილია ბიზანტიის იმპერატორების ბრძოლის ეპიზოდები ტრაპიზონში ქართ. სახელმწიფოებრივი გავლენის აღმოსაფხვრელად XIII ს. 80–90-იან წლებში; ტრაპიზონის სამეფოში დავით ნარინის სამხ. ექსპედიციების, სამცხის მთავრებთან დინასტიური კავშირების შესახებ და სხვ. მ. პ. 1367 სამეფო კარის წევრებთან ერთად საქართველოში გაჰყოლია მეფის ასულ ანა კომნენოსს, რ-იც მიჰყავდათ იბერთა და აფხაზთა მეფე ბაგრატ V-ზე დასაქორწინებლად. იგი 1372 ტრაპიზონის იმპ. ალექსი III კომნენოსთან (1349–90) ერთად კიდევ ყოფილა საქართველოში მეფე ბაგრატთან შესახვედრად, შემდეგ ბათუმში გურიელთანაც ჰქონიათ შეხვედრა. 1377 მ. პ-ს კვლავ ტრაპიზონ-საქართველოს მეფეთა სახლებს შორის დინასტიურ საქმეთა გასარიგებლად მთელი ზაფხული გაუტარებია საქართველოში (ლაზიკაში). თხზულებაში აღწერილია აგრეთვე თემურლენგის მიერ „საოცარი“ თბილისის აღება, გაძარცვა და აოხრება: „რა ქონება იგდო ხელთ, რა ხატები გაძარცვა და დაწვა, რამდენი თვალი პატიოსანი, მარგალიტი, ოქრო და ვერცხლი წაიღო, არავის შეუძლია აღწეროს“. ეს მინიშნებაა ქალაქის სიმდიდრეზე. აქვეა მოცემული თბილისის აღების ზუსტი თარიღი – 1387 წ. 21 ნოემბერი, ბაგრატ V-ის ტყვედ ჩავარდნა მეუღლითა და შვილით.
თხზ.: ტრაპიზონის ქრონიკა, ალ. გამყრელიძის გამოც., „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორისათვის“, 1960, ნაკვ. 33.
წყარო: გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 7, თბ., 1967.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979.
ნ. ლომოური