მიქელაძე შალვა ექვთიმეს ძე

მიქელაძე შალვა ექვთიმეს ძე [16 (28). III. 1895, თელავი, – 27. VIII. 1976, თბილისი], მათემატიკოსი, გამოთვლითი მათ. ქართული სკოლის ფუძემდებელი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960). ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1935), პროფესორი (1935); საქ. სსრ დამს. მოღვაწე (1966); სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1952). მ-მ დაამთავრა ბაქოს ტექ. სასწავლებელი (1915) და იმავე წელს სწავლა განაგრძო პეტროგრადში, იმპ. ალექსანდრე III-ის ელექტროტექნიკის ინ-ტში (კონკურსის შედეგებით მ. იყო მეორე რუსეთის იმპერიის მასშტაბით). სტუდენტების მობილიზაციის გამო მ. გადაიყვანეს პეტერბურგის სამხ.-საინჟინრო სასწავლებლის ოფიცერთა მომზადების სასწრაფო კურსებზე (1916), რ-ის წარმატებით დასრულების შემდეგ (1917) გააგზავნეს ოსმალეთის ფრონტზე მე-4 მესანგრე ათასეულის საინჟინრო პარკის უფროსად. საბრძოლო მოქმედებების დროს გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდა ოქროს იარაღითა და მედლებით. რუსეთის არმიის დაშლის შემდეგ მ. მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართვ. საჯარისო ერთეულების შექმნაში, საქართვ. დამოუკიდებლობის წლებში (1918–21) კი – თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში. მ-ს დიდი წვლილი მიუძღვის თურქეთის არმიისაგან მესხეთ-ჯავახეთის (მამასთან, ე. მიქელაძესთან ერთად) გათავისუფლებაში. ამ პერიოდს ეკუთვნის მ-ის პირველი ნაშრომები: ,,საფორტიფიკაციო საქმის საფუძვლები“ და ,,საველე ტელეფონები“. მომდევნო წლებში მ-მ დაასრულა სამხედრო კარიერა და მუშაობა დაიწყო თბილ. ელექტროქსელის დაგეგმარებაზე, შემდეგ – ზაჰესში (1924–29). თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტის დამთავრების (1929) შემდეგ მუშაობდა ლენინგრადში სსრკ მეცნ. აკად. მათ. ინ-ტში (1933–35), საქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში – გამოთვლითი მათ. განყ-ბის გამგედ (1935–76). იყო თსუ-ში თავისივე დაარსებული მიახლოებითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექ. კათედრის გამგე (1954–70). იქვე მ-ის ინიციატივით ჩამოყალიბდა პრობლემური ლაბორატორია (1962), რ-ის ბაზაზე შეიქმნა თსუ-ის გამოყენებითი მათ. ინ-ტი. იყო აგრეთვე საქართვ. მეცნ. აკად. გამოთვლითი მათ. ინ-ტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი.

მ-ის ნაშრომები ეხება ფუნქციათა მიახლოების, რიცხვითი ინტეგრირებისა და რიცხვითი გაწარმოების, რიცხვითი განტოლებების ამოხსნის, დიფერენც. და ინტეგრ. განტოლებათა რიცხვითი ამოხსნის, აგრეთვე მექან. ამოცანების მიახლოებითი ამოხსნის მეთოდებს. იგი სამეცნ. ნაშრომებისა და მონოგრაფიების ავტორია. მ. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას სპი-ში (ახლანდ. სტუ), რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა და თბილ. პედ. ინ-ტებში. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები.

თხზ.: Новые методы интегрирования дифференциальных уравнений и их приложения к задачам теории упругости, М-Л., 1951; Численные методы математического анализа, М., 1953; Избр. Труды, т. 1-2, Тб., 1979–80.

ლიტ.: გორდეზიანი დ., ბოჭორიშვილი რ., შალვა მიქელაძე 120, თბ., 2015.