მიქელაძე შალვა ანტონის ძე

მიქელაძე შალვა ანტონის ძე (17. IX. 1884, ხონი, – 11. IX. 1941, ქ. ორიოლთან, რფ), თერაპევტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე; მედ. მეცნ. დოქტორი (1924), პროფესორი (1930).

1907 დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1919 გ. მუხაძესთან, ს. ვირსალაძესთან და სხვებთან ერთად დააარსა ქართვ. ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზ-ბა. იყო საქართვ. ეროვნ. საბჭოს წევრი და სამანდატო საბჭოს თავ-რე. 1918 წ. 26 მაისს მიღებულ საქართვ. დამოუკიდებლობის აქტზე არის მისი ხელმოწერა.

1919 აირჩიეს კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კათედრის ასისტენტად (კათედრის გამგე – ს. ვირსალაძე), შემდეგ – უფრ. ასისტენტად ა. ალადაშვილის კათედრაზე. 1920 მონაწილეობდა პირველი ქართ. თერაპიული ტერმინოლოგიის შემდგენელი კომისიის მუშაობაში. 1926–30 იყო თსუ-ის კერძო პათოლ. და თერაპიის, 1930–36 კი – თსსი-ის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგე. 1935–38 განაგებდა ამავე ინ-ტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის, იმავდროულად ექიმთა დახელოვნების ინ-ტის თერაპიის კათედრებს. იყო პირველი ქართ. სამედ. ჟურნ. „ექიმის“ რედაქტორი (ს. ვირსალაძესთან ერთად, 1919), ჟურნ. „თანამედროვე მედიცინის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. იკვლევდა ნივთიერებათა ცვლის პათოლოგიებს, სოც. ჰიგიენის, გასტროენტეროლოგიის, კურორტოლოგიის საკითხებს. ავტორია სამეცნ. ნაშრომების. თბილისში არის მ-ის სახ. ქუჩა, საცხოვრებელი სახლის კედელზე კი – მემორიალური დაფა.

ემსხვერპლა საბჭოთა რეპრესიებს.

თხზ.: საჭმლის მომნელებელი ორგანოების სნეულებანი, ტ. 1–2, ტფ., 1935–37; შინაგან სნეულებათა პროპედევტიკა, თბ., 1938; გამოც. მე-3, თბ., 1960 (თანაავტ. გ. დიდებულიძე).

ლიტ.: ცინცაძე ი., შ. ა. მიქელაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, „თბილისის საქალაქო I კლინიკური საავადმყოფოს შრომები“, 1964, ტ. 6; ქურხული ა., ...და რომ გახსოვდეს, თბ., 2004.

ა. ქურხული