მიქელაძე ნინო (ნუცა) ლევანის ასული (20. III. 1919, თბილისი, – 5. XI. 1984, იქვე), საოპერო მომღერალი (სოპრანო), პედაგოგი. საქართვ. დამს. არტისტი. 1940 დაამთავრა IV მუს. სასწავლებელი (პედ. ო. ბახუტაშვილი-შულგინა). 1938–42 სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე, პარალელურად დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (1941–46; პედ. ო. ბახუტაშვილი-შულგინა). 1951–62 იყო ზ. ფალიაშვილის სახ. თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის წამყვანი სოლისტი. 1951 მისი დებიუტი შედგა იოლანტას პარტიით (პ. ჩაიკოვსკი, „იოლანტა“). 1972-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თბილ. III მუს. სასწავლებლის, ასევე კონსერვატორიის (1973–84) პედაგოგი. მისი მოწაფეები იყვნენ: ვ. აფციაური, თ. ბაქრაძე, ლ. გრიგორენკო, ლ. კვარაცხელია, ბ. სახამბერიძე და სხვ. მ. ასრულებდა წამყვან პარტიებს, მ. შ. აღსანიშნავია გულჩინა (დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“), მარო, მარიხი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ცირა (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), მარინე (ა. შავერზაშვილის „მარინე“), ვიოლეტა, ჯილდა (ჯ. ვერდის „ტრავიატა“, „რიგოლეტო“), ელენ (ლ. დელიბის „ლაკმე“), იოლანტა (პ. ჩაიკოვსკის „იოლანტა“), მარფა (ნ. რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“). ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. მუსიკალურად გაახმოვანა ვოკალური პარტიები მხატვრულ ფილმებში: „მდინარის გაღმა“ (რეჟ. ზ. ბერიშვილი; 1935), „ქეთო და კოტე“ (რეჟ-ები: ვ. ტაბლიაშვილი, შ. გედევანიშვილი; 1948), „ბედნიერი შეხვედრა“ (რეჟ. ნ. სანიშვილი; 1949). გადაღებულია მუს. მხატვრულ ფილმში „ჯურღაის ფარი“ (1944; რეჟ-ები: ს. დოლიძე, დ. რონდელი). მ. გამოირჩეოდა შესანიშნავი ვოკალური მონაცემებით, ოსტატობით, სცენური მომხიბვლელობით. მას სიცოცხლეშივე უწოდეს „კავკასიის იადონი“.
ლიტ.: ტორაძე გ., დაუვიწყარი ნინო მიქელაძე, „მუსიკა“, 2014, №2.