მიქელაძე მიხეილ გერასიმეს ძე (22. X. 1899, სოფ. შილდა, ახლანდ. ყვარლის მუნიციპალიტეტი, – 5. VII. 1975, თბილისი), საბჭოთა გენერალ-მაიორი (1942). დაამთავრა თბილ. პრაპორშჩიკთა 1-ელი სკოლა (1916), კავკ. არმიის სამეთაურო კურსები (1923) და მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემია (1936). 1915–18 მსახურობდა რუსეთის იმპერიის ჯარში, 1918–21 – ქართულ ჯარში ოცმეთაურად, 1921-იდან – წითელ არმიაში, 1923-იდან – მე-2 ქართ. მსროლელთა პოლკის ბატალიონის მეთაურად, 1936-იდან – კავკასიის მე-2, 1937-იდან – 63-ე ქართ., ხოლო 1938-იდან – 29-ე მსროლელთა დივიზიების შტაბის უფროსად. 1942 დაინიშნა 195-ე მსროლელთა დივიზიის მეთაურად, იმავე წლიდან – 46-ე არმიის შტაბის უფროსად, შემდეგ – მე-20 გვარდიის მსროლელთა კორპუსის მეთაურად. 1943-იდან იყო მე-7 საჰაერო-სადესანტო დივიზიის მეთაური სტეპნოის ფრონტზე, 1944 – უკრაინის მე-2 ფრონტის მე-10 საჰაერო-სადესანტო დივიზიის მეთაური. 1944 დაინიშნა ამიერკავკ. სამხ. ოლქის მე-13 მსროლელთა კორპუსის მეთაურად, 1947–53 მსახურობდა ამავე ოლქის ზურგის უფროსის მოადგილედ, 1953–55 კი – სპი-ის სამხ. კათედრის გამგედ.
მიღებული აქვს ლენინის ორდენი და სხვა სახელმწ. ჯილდოები.
მ. გოგიტიძე