მიქელაძე მერაბ შალვას ძე

მიქელაძე მერაბ შალვას ძე (3. II. 1926, თბილისი, – 25. XII. 1992, იქვე), სამშენებლო მექანიკის დარგის მეცნიერი. ტექნ. მეცნ. დოქტორი (1958); პროფესორი (1960); საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1988); საქართვ. მეცნ. და ტექნ. დამს. მოღვაწე (1986). 1948 დაამთავრა სპი (ახლანდ. სტუ). მუშაობდა მოსკოვის სსრკ მეცნ. აკად. მექანიკის ინ-ტში (1948–53); საქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ–ტის დრეკადობის თეორიის განყ-ბაში უფრ. მეცნიერ თანამშრომლად (1953–60), ინ–ტის გამოყენებითი მექანიკის განყ-ბის გამგედ (1965–92). კითხულობდა ლექციებს თსუ-ის მექანიკა-მათ. და ფიზ.-ტექნ. ფაკ-ტებზე (1953–56). იყო თბილ. ტრანსპორტის ინჟინერთა ინ-ტში თეორიული მექანიკის კათედრის გამგე (1958–60); ამ ინ-ტის სპი-თან გაერთიანების შემდეგ ხელმძღვანელობდა სპი-ის სამშენებლო მექანიკის კათედრას (1960–82). მისი ძირითადი ნაშრომები ეხება ანიზოტროპიული პლასტიკური გარსების თეორიას, მანქანებისა და კონსტრუქციების ელემენტების დრეკადობასა და პლასტიკურობას.

მ. ავტორია მონოგრაფიების, სამეცნ. სტატიებისა და სახელმძღვანელოების, მექანიკის ისტორიისა და საქართვ. ისტორიის საკითხებზე. მისი ნაშრომი: „ტოტემი და ძველი სამყარო (კავკასია-ხმელთაშუა ზღვა-პირენეები)“ თარგმნილია ინგლ. ენაზე. მ. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას.

თხზ.: კონსტრუქციებისა და მანქანების ელემენტების დრეკადობა და პლასტიკურობა. თბ., 1976; პლასტიკურობის თეორია, თბ., 1990.