მიქელაძე კატო (ეკატერინე) [18. IX (19. X.) 1877, დაბა კულაში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 1. I. 1942, თბილისი], პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, თუმცა ხელმოკლეობის გამო სწავლა ვერ დაასრულა. ჩართული იყო არალეგალურ რევოლუციურ საქმიანობაში. შემდეგ სწავლა განაგრძო (1906-იდან) ბრიუსელის უნ-ტის სოც.-პოლიტ. ფაკ-ტზე. მ. პარიზში 1915-მდე დარჩა და გაეცნო ქალთა მოძრაობის ევრ. გამოცდილებას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თანამოაზრეებთან ერთად დაიწყო ბრძოლა ქალთა უფლებებისათვის. 1917–18 ჩამოაყალიბა რეგიონული ქსელი „ქალთა ლიგა“. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს „ხმა ქართველი ქალისა“.
1918–19 მ. პედაგოგად მუშაობდა გუდაუთაში, ხოლო 1920 – სიღნაღში. 1930-იდან თბილისში იყო ცენტრ. არქივისა და რევოლუციის მუზეუმის თანამშრომელი.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.) ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რ-მაც ქალებს მიანიჭა საარჩევნო უფლებები, რაშიც მ-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ქალთა უფლებების დაცვისთვის 2013 დაწესდა მ-ის სახელობის პრემია.
ლიტ.: მელაშვილი თ., კატო მიქელაძე – ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები, თბ., 2013; ჩიხლაძე ნ., ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალები, თბ., 1990.